ახალი ამბები

სეპარატისტების საპარლამენტო ასამბლეა ცხინვალის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს მაისში ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის გამწვავების გამო, რაც თბილისის ”პროვოკაციულმა” პოლიტიკამ გამოიწვია და მზადაა შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით რეგიონში ”საერთაშორისო მონიტორინგის მისია” მიავლინოს, იუწყება ”აფსნიპრესი” 16 მაისს.


”თბილისის მიერ არჩეული ტაქტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იდენტურია იმ პროვოკაციული ქმედებებისა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებს აფხაზეთის რესპუბლიკის კოდორის ხეობაში,”- ნათქვამია სეპარატისტების საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ განცხადებაში.


განცხადება ასევე მოუწოდებს გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს,  დსთ-სა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებს შექმნან საექსპერტო კომისია, რომელიც შეაფასებს ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას.


ცხინვალის რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისმა 10 მაისს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას ცხინვალმა კონფლიქტის ზონაში გზების ჩაკეტვით უპასუხა, რამაც ქართულ სოფლებს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემები შეუქმნა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button