ახალი ამბები

შსკ-ს ქართული და რუსული მხარის თანათავმჯდომარეებმა თბილისში შეხვედრა გამართეს

შერეული საკონტროლოს კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარის იური პოპოვის განცხადებით, ის ეცდება ყველანაირად შეუწყოს ხელი ცხინვალის რეგიონში გზების გახსნას და დაძაბულობის შემცირებას.


ამის შესახებ ჟურნალისტებს პოპოვმა ქართველ კოლეგასთან, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან მერაბ ანთაძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განუცხადა.


”ახლა ჩვენ მივდივართ ცხინვალში, დაველაპარაკებით სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ხელმძღვანელობას, ჩვენ სამშვიდობოებს და მოვძებნით შეხების წერტილებს ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების პოზიციებს შორის და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ დაძაბულობის შემცირებას კონფლიქტის ზონაში. ჩვენი მიზანი იქნება, რომ ყველა გზა გაიხსნას,”- განაცხადა იური პოპოვმა 16 მაისს.


კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც თბილისმა რეგიონის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი 10 მაისს დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად დანიშნა. ამ ნაბიჯს ცხინვალმა რეგიონში გზების ჩაკეტვით უპასუხა და განაცხადა, რომ მხოლოდ მას შემდეგ აღადგენს თავისუფალ მიმოსვლას, რაც ქართული ძალები დატოვებენ კონფლიქტის ზონას და სანაკოევის ”მარიონეტული მთავრობა” იქნება დათხოვნილი. თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 მაისს გზები ნაწილობრივ გახსნა.


დღეს იური პოპოვმა კომენტარი გააკეთა დიმიტრი სანაკოევის შესახებაც.


”ის წარმოადგენს ადგილობრივ ხელისუფლებას და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომ სანაკოევი ჩვენს მიერ არ აღიქმება, როგორც კონფლიქტის მხარე,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.


პოპოვმა შსკ-ს ფორმატში დიმიტრი სანაკოევის  ჩართვის საკითხზე განაცხადა, რომ ”ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მსგავს შესაძლებლობას”.


 

Back to top button