ახალი ამბები

დიმიტრი სანაკოევის გამოსვლა პარლამენტში – სრული ტექსტი

საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის “სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის’’ ლიდერის დიმიტრი სანაკოევის გამოსვლა


(ქართულად)
ქალბატონო ნინო!


ქალბატონებო და ბატონებო!
 
მოგესალმებით,
ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს თქვენ წინაშე გამოსვლა და ოსი ხალხის სახელით საუბარი; თქვენი ნებართვით, ამას ჩემს მშობლიურ ენაზე გავაგრძელებ.


(ოსურად)
 
პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თქვენ, ქალბატონო ნინო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ყველა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელთაც გამოხატეს ჩვენი, ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობისადმი მხარდაჭერა და თანადგომა. ეს აჩვენებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ნება კონფლიქტის რეალური, ურთიერთკომპრომისებზე დაფუძნებული გადაწყვეტისა. სწორედ ამ ნების გამოხატულებაა ის აღმშენებლობა, რომელსაც ბოლო პერიოდში ჩაეყარა ჩვენთან საფუძველი და რომელმაც დაბადა იმედი კონფლიქტის საბოლოო და მშვიდობიანი მოგვარებისა. გაჩნდა რწმენა იმისა, რომ ქართველები და ოსები ძმურად იცხოვრებენ ერთმანეთის გვერდიგვერდ.  ამ რწმენამ გვიბიძგა მე და ჩემს თანამოაზრეებს სათავეში ჩავდგომოდით მშვიდობისა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას.


ჩვენთან ადამიანები პროტესტმა მოიყვანა. წლები გადის, რაც ე.წ. გაყინული კონფლიქტის პირობებში ყოველდღიურად იტაცებენ და ხოცავენ ადამიანებს. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი და ოსი თანამოქალაქეები ხვალინდელი დღის მუდმივ შიშში ცხოვრობენ. ჩვენ შეგვიძლია ამას ერთობლივად დავუსვათ წერტილი. ჩვენი ხალხები უკეთეს მომავალს იმსახურებენ.  ჩვენ გვინდა, დღეს ვიცხოვროთ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იქნება დაცული. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ერის ასეთი მომავალი ერთიან, დემოკრატიულ და სტაბილურ საქართველოშია, სადაც დაცული იქნება ყველა ერის, მათ შორის ოსების ეროვნული თვითმყოფადობა და თითოეული მოქალაქის უფლებები.


ამ რწმენამდე მე და ბევრმა ჩემმა თანამოაზრემ რთული გზა განვვლეთ. კონფლიქტის დასაწყისში მე თავად ვიდექი ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდის მეორე მხარეს. ბევრი ოსი გულწრფელად მიიჩნევდა, რომ საფრთხე მათ ეროვნულ თვითმყოფადობას ემუქრებოდა. ბევრმა მათგანმა იარაღი აიღო ხელში. მეც მათ შორის ვიყავი. მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ უბედურების მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს ხალხებს. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩიხში მოვექეცით.


სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად ოთხმოცდაათიანი წლებიდან სამშვიდობო პროცესში ჩავერთე, რამაც არაერთი ქართველი თანამოაზრე და მეგობარი შემძინა. მათ შორის, ბატონი მიხეილ მაჭავარიანი, რომელთან ერთადაც ვცდილობდი განმეხორციელებინა მშვიდობის დამკვიდრებისა და რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციისკენ მიმართული პროექტები. ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ არსებობდა კონფლიქტის მოგვარების რეალური პოლიტიკური ნება. ამის შეცვლა მაშინ ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაც კი მეკავა.


გამოსავალი ერთადერთია – პირდაპირი დიალოგი ქართველ და ოს ხალხებს შორის, გარე და შიდა დესტრუქციული ძალების განეიტრალება, მისი ჩანაცვლება საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ჯანსაღი და ეფექტური თანადგომით. ნდობის მშენებლობისა და ეკონომიკურ რეაბილიტაციაში განსაკუთრებით დიდია ევროკავშირის როლი. საჭიროა, რომ ანტიდემოკრატიულ პროპაგანდა-აგიტაციას დავუპირისპიროთ  ჩვენი მოძრაობის გაბედული სამშვიდობო ინიციატივები და ეკონომიკური განვითარების პროექტები. ვიცი, რომ საჭირო იქნება გარკვეული კომპრომისებიც, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ, ქართველი და ოსი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობას, გვეძლევა უნიკალური შანსი – შევქმნათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენ უნდა დავანახვოთ ყველას, რომ ოსებსა და ქართველებს შეუძლიათ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე აშენონ ერთიანი სახელმწიფო. ამაში ვხედავ მე ჩვენი მოძრაობისა და ჩემი, როგორც ოსი ხალხის წარმომადგენლის დანიშნულებას.


აქვე, პატივცემულო დეპუტატებო, ნება მომეცით, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს ოს თანამემამულეებს.
  
დებო და ძმებო!
  
მოგმართავთ საქართველოს პარლამენტიდან როგორც ოსი ერის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა უბედურება, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში დაატყდა თავს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. 


უდავოა, რომ კონფლიქტი, რომელსაც სათავე დაუდო მანკიერმა საბჭოთა მემკვიდრეობამ ორივე მხარის მიერ დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა და გარეშე ძალის პოლიტიკამ, რომელიც იმპერიულ პრინციპს – “გათიშე და იბატონე” – ეყრდნობოდა, უნდა დამთავრდეს და ჩაბარდეს ისტორიას როგორც ტრაგიკული და სამარცხვინო ლაქა ოსთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრების მატიანეში. ეს მატიანე გვასწავლის, რომ წმინდა ნინოს მიერ ჩვენი საერთო წინაპრების გაქრისტიანებიდან მოყოლებული, ჩვენ ბევრჯერ გვიბრძოლია მხარდამხარ თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის. ოსთა წვლილის გარეშე წარმოუდგენელია ქართული სახელმწიფოებრიობის ოქროს ხანა, დავითისა და თამარის  ეპოქა.


დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება დაფიქრება იმაზე, თუ რა გზას დავადგეთ, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, შემოვუნახოთ  თაობებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და კულტურა. ერთიან საქართველოში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ შესუსტდება კავშირები ჩრდილოეთ ოსეთთან, მით უმეტეს, საფრთხე დაემუქრება ჩვენს თვითმყოფადობას. პირიქით, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები კიდევ უფრო მეტად განვითარდება ერთიან დემოკრატიულ საქართველოში.


ამაზე ფიქრმა მიმიყვანა დასკვნამდე, რომ კონფლიქტის სამართლიანი, მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელია ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთნდობის, ურთიერთპატივისცემის აღდგენის გარეშე. ეს კი, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ პირდაპირი დიალოგის საშუალებით მიიღწევა.
ეს მშვენივრად ესმით ცხინვალის დღევანდელ მმართველებსა და მათ უცხოელ ‘’ზედამხედველებს’’, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთა შორის შუღლის გასაღვივებლად. მათი მიზანია  ძირშივე აღიკვეთოს ნდობის აღდგენის ნებისმიერი მცდელობა, რათა თავიანთი გეოპოლიტიკური ამოცანები გაატარონ რეგიონში.


ცხინვალში პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს იმისათვის, რომ მოსახლეობაში არსებობდეს მომავლისადმი მუდმივი შიში და სიძულვილი ჩვენი ქართველი ძმების მიმართ.


ცხინვალში რეჟიმის კრიტიკაში ეჭვმიტანილებზე ნადირობაა გამოცხადებული. ფაქტიურად, ოსი ხალხი იქცა იმ რეჟიმის მძევლად, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის დიქტატით კონფლიქტის ზონაში არსებულ სტატუს კვოს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.


სამხრეთ ოსეთი თანდათანობით იცლება ოსური მოსახლეობისგან. ამას ემსახურება ადგილობრივი რეჟიმის მახინჯი საკადრო პოლიტიკაც: ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თანამდებობებიდან ადგილობრივი მკვიდრების, ოსების გამოძევება და მათი ჩანაცვლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების  წარმომადგენლებით, რომლებიც ჩვენივე ხელით ჩვენივე მომავალს ანადგურებენ.


ჩვენი ოსი ბავშვები იზრდებიან გაუთავებელი კონფლიქტის პირობებში, მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში. მათ არ აქვთ ნორმალური ბავშვობა.
 
მათ არ იციან, რა ხდება ავტომატიანი ჯარისკაცების მიერ გამაგრებული შლაგბაუმებისა და ბლოკპოსტების მიღმა. სამაგიეროდ, იციან არა მარტო როგორ კაკანებს, არამედ როგორ იშლება და იწყობა ავტომატი, იციან, როგორ დადის ჯავშანტრანსპორტიორი და როგორ გუგუნებს ჰაუბიცა.


და ასე გვეზრდება თაობები. უფრო სწორად, ასე გვეღუპება თაობები! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ეს არის ჩემი ერის დღევანდელი კატასტროფა! ცხინვალი, ზნაური და ჯავა დღეს ძალადობის ტყვეობაშია მოქცეული! იქ მცხოვრები ჩვენი შვილები იზრდებიან ძალადობრივი რეჟიმით დაწნეხილ და დათრგუნულ საზოგადოებაში. თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ თაობებს!


მე ამას არ დავუშვებ! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ!


მე ამისთვის არ მიბრძოლია!


მე ვიბრძოდი და ვიბრძოლებ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის. ვიბრძოლებ იმისთვის, რაც დღეს უკვე შესაძლებელია.


ვიბრძოლებ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მშობლებს ბავშვები საგუშაგოდან საგუშაგომდე კი არ გადაჰყავდეთ, არამედ სკვერებსა და სათამაშო მოედნებზე ასეირნებდნენ.


რომ ბავშვებს ჰქონდეთ კარგი სკოლები და საბავშვო ბაღები, რომ ისინი აწყობდნენ კონცერტებს და დგამდნენ სპექტაკლებს, რომ მოზარდებს ჰქონდეთ კომპიუტერი, მონაწილეობდნენ სპორტულ და სამეცნიერო ოლიმპიადებში და აღწევდნენ წარმატებებსაც. 


ეს არის ნამდვილი თავისუფლება! ადამიანთა არჩევანისა და შესაძლებლობების თავისუფლება! ეს არის ის თავისუფლება, რომლისთვისაც მე ვიბრძოლებ!


აქ მე არ ვსაუბრობ ვარდისფერ ოცნებებზე! ეს არის ყველაფერი, რაც შესაძლებელია გაკეთდეს დღესვე!


რომ თავისუფლად მიგვიწვდებოდეს ხელი წარმატებაზე! რომ თავისუფლად შეგვეძლოს საკუთარი თავის რეალიზაცია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მთელი ჩვენი დიდი ქვეყნის მასშტაბით!


ამ მომავალს ალტერნატივა არა აქვს! ეს არის თავისუფლება, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით! (და ვიმეორებ) – მე არ ვსაუბრობ ვარდისფერ ოცნებებზე! – ეს არის ყველაფერი, რაც შესაძლებელია გაკეთდეს დღესვე!
 
ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ჩვენმა ულამაზესმა კუთხემ, ოსეთმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთანაც აღმოცენდება მსოფლიო დონის კურორტები, სადაც ივლის მთელი საქართველო და ივლის მთელი რუსეთი, სადაც ივლიან უცხოელებიც, ოღონდ არა საომრად, არამედ დასასვენებლად და სიამოვნების მისაღებად.


სადაც ჩამოვლენ არა ჯარისკაცები, არა სამხედრო დამკვირვებლები, არამედ ტურისტები და ბიზნესმენები, სპორტსმენები და მომღერლები. ნებისმიერი ქვეყნის იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს მოლაპარაკებებზე ჩამოდიან, მომავალში სტუმრებად, გნებავთ ტურისტებად დავპატიჟებთ.


სადაც ჩამოვლენ ისე, როგოც ჩადიან ავსტრიისა და შვეიცარიის კურორტებზე, კურშაველში ან ბაკურიანში, სოჭში ან გუდაურში, დუბროვნიკში ან ბათუმში.


სადაც თავისუფლად ჩამოვლენ ყველანი, როგორც ჩვენი მეგობრები და ძმები.


სადაც სიხარულით ჩამოვლენ, დიდი ოსური კულტურის დასაფასებლად, ჩვენი განუმეორებელი ოსური ცეკვის სანახავად. ჩვენი ტრადიციების პატივსაცემად, ჩვენი უსაზღვრო სტუმართმოყვარეობის სიყვარულით, ჩვენი განუმეორებელი სილამაზის ეშხით.


ოს ხალხს ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი მსოფლიოსათვის! ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ მსოფლიო მხოლოდ ძალადობის კერად გვიცნობდეს!


კონფლიქტის ზონიდან სამხრეთ ოსეთი უნდა იქცეს მშვიდობის, ტურიზმის ზონად.
 
ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა! ეს არის ჩვენი დღევანდელი მიზანი! შევქმნათ ახალი ოსეთი, ძლიერი და ლაღი, ძალადობისგან თავისუფალი და თავისუფალი ხალხის ოსეთი.


ჩვენი გზა არის გზა თავისუფლებისაკენ! გზა ძალადობის ტყვეობიდან – შესაძლებლობების თავისუფლებისაკენ!


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ერის გადარჩენის ერთადერთ გზად მიმაჩნია ჩვენი მოძრაობის იდეების რეალიზაცია. ეს გულისხმობს თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით ოსებისა და ქართველების პირდაპირი დიალოგის წამოწყებას და ორმხრივი კომპრომისების ხარჯზე ურთიერთნდობის აღდგენას. იმედი მაქვს, რომ ასეთი მიდგომა მტკიცე საფუძველს ჩაუყრის საერთო სახელმწიფოს მშენებლობას ოსური მოსახლეობის ინტერესების გარანტირებით.


და ბოლოს, ქალბატონო ნინო, პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უახლოესი წარსულის ჭრილობათა მოშუშებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ხელისუფლების სწორ, თანამიმდევრულ და საბოლოო შედეგზე გათვლილ ნაბიჯებს. ჩვენი მოძრაობა მზად არის მაქსიმალურად ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში.


მიმაჩნია, რომ სამომავლოდ, ქართულ-ოსური ყოვლისმომცველი დიალოგის საბოლოო შედეგად უნდა იქცეს რეგიონისათვის ფართო ავტონომიისა და ოსი ხალხისათვის პოლიტიკური წარმომადგენლობისა და კულტურული თვითმყოფადობის გარანტირება ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. ამას წინ უნდა უძღვოდეს და თან ახლდეს ერთობლივი სოციალური,  ეკონომიკური და კულტურული პროექტები. ასეთი პროექტები იქნება ნიადაგი ნდობის მშენებლობისათვის, კონფლიქტით დატანჯული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.  პირველ რიგში, ასამუშავებელია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ქონების რესტიტუციის შესახებ.


დღეს ამ შენობის თავზე ფრიალებს დროშა, რომლის ქვეშაც ქართველებსა და ოსებს ისტორიული გამარჯვებები მოუპოვებიათ. მჯერა, რომ ამავე დროშის ქვეშ ჩვენ ორი მოძმე ერის ახალ ერთობლივ წარმატებებს ჩავუყრით საფუძველს. დავითისა და თამარის ეპოქა ჩვენი ხალხებისათვის დღემდე ოქროს ხანად ითვლება. დღეს ჩვენ ერთად ახალი ოქროს ხანა უნდა შევქმნათ. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ავაშენებთ თანამედროვე და, იმავდროულად, დიდ წინაპართა საკადრის სახელმწიფოს, სადაც ჩვენი შვილები ბედნიერად იცხოვრებენ.


წმინდა გიორგი იყოს ქართველი და ოსი ხალხების მფარველი. ღმერთმა დალოცოს ოსი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.


 



 

Back to top button