ახალი ამბები

ზურაბიშვილი სანაკოევთან ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს

ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სამშვიდობო პროცესის ”გამასხარავებას” უწოდებს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობებს ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან.


”მე მიმაჩნია, რომ ეს არავითარ კავშირში არ არის ნამდვილ სამშვიდობო პროცესთან… ჩვენ არ ვიცით ვინ არის დიმიტრი სანაკოევი, რატომ არის ჩამოყვანილი ვლადიკავკაზიდან… ეს ყველაფერი არის ჩემთვის ფსევდო -სამშვიდობო პროცესი,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ არ სურს შეხვდეს სანაკოევს და მისთვის მიუღებელია ტერმინი ”სამხრეთ ოსეთი”. 


ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს არსებული შერეული საკონტროლო კომისიის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლაზე და მოითხოვოს ამ ფორმატიდან ჩრდილოეთ ოსეთის გასვლა. 


იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესი რეალურ შედეგებამდე მივიდეს, სალომე ზურაბიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, ქართულმა მხარემ პარტნიორებთან – აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად შეიმუშაოს მოლაპარაკებების ახალი ფორმატი. 

მსგავსი/Related

Back to top button