ახალი ამბები

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას

პარლამენტმა 149 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის თაობაზე.


უმრავლესობის  განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ”ლოგიკური გაგრძელებაა” 13 აპრილს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონისა და რეგიონის ალტერნატიულ ლიდერთან დიმიტრი სანაკოევთან ყველა საპარლამენტო ძალის მიერ გამართული კონსულტაციებისა.


პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის დიმიტრი ქიტოშვილის განცხადებით,  დადგენილების ამოქმედებისთანავე პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის ბრძანებულებას დროებითი ადმინისტრაციის შექმნისა და მისი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.


ამ თანამდებობას, სავარაუდოდ, დიმიტრი სანაკოევი მანამდე დაიკავებს, ვიდრე ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგანგებო მიმართვით წარსდგება 11 მაისს.


”რაც შეეხება ვინ დაინიშნება, ეს ნათლად აჩვენა თვითონ კონსულტაციებმა. რეალურად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ამ ფორმატზე თანამშრომლობაზე და თანახმაა, რომ ამ კუთხით წარმოადგინოს ეთნიკური ოსების ინტერესები და შესაბამისად, როგორც ოპოზიციასთან ისე სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობს სანაკოევის პოლიტიკური ჯგუფი,”-  განუცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ  პავლე კუბლაშვილმა დღეს ”სივილ ჯორჯიას”.


დროებითი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იქნება ავტონომიის სტატუსზე მუშაობა, სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესში აქტიური მონაწილეობა და რეგიონში ლეგიტიმური არჩევნების მომზადება. ამ ფუნქციებს ადმინისტრაციას პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ანიჭებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით სპეციფიკური ფუნქციების დელეგირებაც მოხდეს.


დადგენილების პროექტის განხილვის დროს დეპუტატებში ძირითადი დავა მხოლოდ ადმინისტრაციისთვის სახელწოდების მინიჭების პრობლემამ გამოიწვია.


”საერთოდ პროცესი არის სწორი… ეს არის დადგენილების პროექტი, რომელიც არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ ეს არის გადადებული პარტია. ადრე თუ გვიან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწევს თავად მიიღონ გადაწყვეტილება რა ჰქვია ამ ადმინისტრაციულ ერთეულს და რა ჰქვია მის ადმინისტრაციას,”- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” დავით ბერძენიშვილმა.


თუმცა უმრავლესობამ განმარტა, რომ ადმინისტრაციას ამ ეტაპზე არანაირი სახელი არ დაერქმევა და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც რეგიონის სტატუსი განისაზღვრება.


”სპეციალურ განსაზღვრებას ამაზე ვერც გავაკეთებდით იმიტომ, რომ მართლაც თითოეულ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ თავიდანვე კონფლიქტური მუხლი ჩაიდოს ამ დადგენილებაში,”- განაცხადა კუბლაშვილმა.


მისი თქმით, ადმინისტრაციის საზღვრები მოიცავს ყოფილი ოლქის მთელ ტერიტორიას.


საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, დროებით ადმინისტრაციულ ერთეულთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ხელისუფლება აქტიურად ითანამშრომლებს ოპოზიციასთან ისევე, როგორც მთელი განვლილი პროცესის დროს ხდებოდა.

Back to top button