
პარლამენტი ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაზე დღეს იმსჯელებს
პარლამენტი დღეს დაამტკიცებს პრეზიდენტის წინადადებას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის და ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე.
ამ საკითხს პარლამენტი მიიღებს 13 აპრილს მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც სამართლებრივ ბაზას უქმნის ამგვარ გადაწყვეტილებას.
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღევანდელ სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ რეგიონის ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდეს სიტყვით პარლამენტის წინაშე, რაც დროებითი ადმინისტრაცია შეიქმნება და იგი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს.
”გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი წინადადება თუ გინდათ, რომ ერთიანი პოზიციით გავაგრძელოთ ამ საკითხში თანამშრომლობა,”- განაცხადა დავით გამყრელიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გაუსვა ხაზი პარლამენტის ყველა ძალის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას ამ ”არაორდინალურ” საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დღეს საღამოს პარლამენტი მიიღებს დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა 11 მაისს დიმიტრი სანაკოევი პარლამენტის წინაშე მიმართვით ”განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით”.
”ეს არის წინასწარი მიმართვა. კითხვები ჯობია, რომ სანაკოევს დავუსვათ დახურული შეხვედრების დროს. პლენარულ სხდომაზე კი შემოვიფარგლოთ იმის მოსმენით, თუ რა მიმართვას გააკეთებს ბატონი სანაკოევი,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სანაკოევი ასევე მზადაა შეხვედრები გამართოს პარლამენტის ყველა ფრაქციასთან.