
სააკაშვილი: ბოდიში აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას აქვთ მოსახდელი
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ”არაფერზე დაიხევს” უკან ქვეყნის გაერთიანების ”სანუკვარი მიზნის მისაღწევად” და გამონახავს საერთო ენას ”აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან”.
ამის შესახებ პრეზიდენტმა აფხაზური მხარის მიერ დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის გათავისუფლების შემდეგ გამართულ აქციაზე განაცხადა.
”ჩვენ თვითონ ავიღებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვეკუთვნის და დავიბრუნებთ, ჩვენ თვითონ მივაღწევთ ყველა ჩვენს სანუკვარ მიზანს, ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ყველა კონფლიქტს, ჩვენ თვითონ შევძლებთ დავანახოთ, რომ არავის ხელწამოსაკრავი და არავიზე ნაკლები ნამდვილად არ ვართ,”- განაცხადა პრეზიდენტმა 3 მაისს.
მისი თქმით, არავის საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟი აღარ გაუვა, რადგან საქართველო უკვე ნამდვილი სახელმწიფოა. მან ასევე მოუწოდა არაკეთილმოსურნეებს თავი შეიკავონ ძალადობისგან, უკანონობისა და ტერორისაგან, ”რადგან ყველას მოეკითხება”.
”ჩვენ ვუთხარით ძალიან ნათლად თვითმარქვია ჯგუფს, რომელიც თავს აცხადებს დღეს აფხაზეთის ხელისუფლებად, შანტაჟი არ გაგივათ. ლაპარაკი გინდათ, ვილაპარაკოთ, მოლაპარაკება გინდათ, მოვილაპარაკოთ, შეთანხმება გინდათ და ჩვენ ვართ ძალიან ხელგაშლილ ხასიათზე, რომ ბევრი რაღაცა დავთმოთ, შევთანხმდეთ,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
”ჩვენ მათ ვუთხარით, ჩვენგან როგორც ხელისუფლებისგან, ვერანაირ ხვეწნა-მუდარას ვერ ეღირსებით, სახვეწარი თქვენ გაქვთ, ბოდიშის მოსახდელი თქვენ გაქვთ და არა ჩვენ. თქვენ გამოაგდეთ ხალხი სახლებიდან, თქვენ ასხედხართ დღეს მათ ქონებას, თქვენ აკავებთ უკანონოდ ხალხს, თქვენ უნდა მოგვიხადოთ ბოდიში,” – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის ნამდვილი ხელისუფლება დღეს დროებით განთავსებულია კოდორის ხეობაში, ჩხალთის რეზიდენციაში, ”ვინც წარმოადგენს აფხაზეთის 600 ათასიან მოსახლეობას, რომელიც 80% გაძევებულია ჯერჯერობით”.
მისი განცხადებით, არავის აქვს იმის თქმის უფლება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ვეღარასოდეს იცხოვრებენ ქართველები, ”ვეღარასდროს ფაშისტური იდეოლოგია ვეღარ გავა, ეს არ არის ის საქართველო”.
”აფხაზეთში იცხოვრებენ ქართველებიც და აფხაზებიც, მაგრამ ვეღარ იცხოვრებენ მშვიდად ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ ქართველები ვერ იცხოვრებენ. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს,”- დასძინა სააკაშვილმა.
”ჩვენ მოვნახავთ საერთო ენას ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ჩვენ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს: საქართველოს საზღვარი ენგურზე კი არ გადის და მითუმეტეს, ვერავინ ვერ აგვიკრძალავს მის გადალახვას, საქართველოს საზღვარი გადის იქ, სადაც გადის კავკასიონის ქედი. ასე შექმნა ბუნებამ… და ვერცერთი მეტრით უკან ამ საზღვარს ვერავინ ვერ გადააგვადილებინებს… ჩვენი ვალია ეს ასე შევინარჩუნოთ, ჩვენ თანამოქალაქეებთან ერთად ყველა აფხაზთან, ყველა ოსთან ერთად, ყველა სომეხთან ერთად, ყველა აზერბაიჯანელთან ერთად,”- განაცხადა მან.
”ეს არის ქვეყანა, სადაც ათასობით ადამიანი არის დღეს რეზერვისტთა ბანაკში… და ყველანი ერთად ვაახლოებთ ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის საბოლოო მშვიდობიანი გაერთიანების ეტაპს… და ამას ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს”,- განაცხადა პრეზიდენტმა 3 მაისს.