ახალი ამბები

კოკოითი აპროტესტებს ცხინვალის რეგიონში მმართველი პარტიის დეპუტაციის ჩასვლას

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ”პროვოკაციად და დესტრუქციულ” ქმედებად აფასებს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების სურვილს შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ და დე ფაქტო პრეზიდენტებს დიმიტრი სანაკოევსა და ედუარდ კოკოითს.


დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის ხელმძღვანელობით დღეს გაემგზავრნენ ცხინვალის რეგიონში, სადაც ქურთას რეზიდენციაში შეხვდნენ რეგიონის ალტერნატიული ხელისუფლების ლიდერს დიმიტრი სანაკოევს. თუმცა მათ 2 მაისს ოფიციალური არხებით ასევე მიმართეს კოკოითს შეხვედრის წინადადებით.


”თუკი ვინმეს საქართველოში სურვილი აქვს შეხვდეს ედუარდ კოკოითს, მან სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს,”- იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


დე ფაქტო პრეზიდენტს არ მოსწონს ასევე ის ფაქტიც, რომ მას სანაკოევთან ერთად მოიხსენიებენ, როგორც უფლებამოსილებით თანაბარს.


”ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგისთვის. მაგრამ ლეგიტიმური პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის რამენაირი ჰიპოთეზური გათანაბრებაც კი სანაკოევთან, რის გაკეთებასაც ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას,”- აცხადებს კოკოითი და მთელ პასუხისმგებლობას შესაძლო ესკალაციაზე ქართულ მხარეს აკისრებს


დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე აფრთხილებს, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში გადაადგილების მცდელობას ცხინვალი განიხილავს, როგორც ”სახელმწიფო საზღვრის დარღვევას”.



 

Back to top button