
თავდაცვის სამინისტროში რუსული ბაზების გაყვანის პროცესი განიხილეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია დღეს თავდაცვის სამინისტროში ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდალს ანდრეი პოპოვს შეხვდა, სადაც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსული ბაზების გაყვანის პირობებზეც ისაუბრეს.
ამ ეტაპზე ახალქალაქის სამხედრო ნაწილიდან, საიდანაც წელს რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი უნდა დასრულდეს, ტექნიკა კოლონებით გააქვთ ძირითადად სომხეთში, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მიმართულებით, 15 მაისიდან კი საქართველოდან უკვე ეშელონები დაიძრება.
”საქართველო მზად არის ბაზების გაყვანის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის რუსულ მხარეს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს,”- აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი სრულად 2008 წლის ბოლომდე დასრულდება.