
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სროლები დაფიქსირდა
26 აპრილს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სხვადასხვა პერიოდულობით სროლები დაფიქსირდა; შედეგად არავინ დაშავებულა, იტყობინება თბილისი და ცხინვალიც, რომლებიც ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, მომხდარი შეფასებულია, როგორც ”მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევა”. ოსური მხარე აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ კონტოლირებადი ტერიტორიიდან ისროდნენ.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ცხინვალთან მდებარე ასფალტის ქარხნის ტერიტორიიდან, ავტომატური იარაღიდან და სავარაუდოდ, ყუმბარმტყორცნიდან ”ოსურმა მხარემ ცეცხლი სოფელ ნიქოზში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით გახსნა”, რაც შერეული სამშვიდობო ძალების დროებითი საგუშაგო ”ერგნეთის” ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსური სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
მანამდე სროლები დაფიქსირდა ოსურ სოფელ წუნარიდან სოფელ ავნევის მიმართულებით, ასევე ქართული სოფლების ავნევისა და ნიქოზის დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მიმართულებით.
ამ ინტიდენტებზე ქართული მხარე მონიტორინგის ჩატარებას მოითხოვს.