skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი ბაღაფშისა და კოკოითის ერთობლივი განცხადების პათოსს იზიარებს

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ალტერნატიულ მთავრობებზე ფსონის დადება შეუთავსებელია თბილისის მიერ გაცხადებულ სურვილთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს სოხუმთან და ცხინვალთან, ამის შესახებ საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი.


იგი კომენტარს აკეთებს 21 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის ერთობლივ განცხადებაზე, სადაც დაგმობილია თბილისის მცდელობა კონფლიქტების მხარეებად აქციოს ”მარიონეტული” მთავრობები, რაც იძულებულს გახდის სოხუმსა და ცხინვალს უარი თქვას, მათ შორის სტატუსის საკითხებზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. სეპარატისტების განცხადებაში მეორე ულტიმატუმი ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს ეხება, რაც ”საბოლოოდ წერტილს დაუსვამს კონფლიქტების პოლიტიკური  დარეგულირების პერსპექტივებს”.


”ვფიქრობთ, რომ ორი პრეზიდენტის განცხადება სერიოზული გაფრთხილებაა… საკუთარ ხელდასმულებთან ”კონსტრუქციული დიალოგის” წარმოჩინებით  ქართული მხარე რისკავს საფუძველი შეურყიოს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც რეალურად გამოხატავს ამ ხალხების ინტერესებს; მოლაპარაკებებს, რომლებსაც შეიძლება სტატუსის საკითხების განხილვამდეც კი მიეყვანა პერსპექტივაში,”- აცხადებს 24 აპრილს მიხეილ კამინინი.


მისი თქმით, რუსული მხარე გამოდის მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის ”აუცილებელი პირობების” შენარჩუნების სასარგებლოდ.


”რაც შეეხება საქართველოს ფორსირებულ მზადებას დაურეგულირებელი კონფლიქტებით ნატოში გასაწევრიანებლად, აქ უკვე, ჩვენი მოსაზრებით, იდება გაცილებით მძლავრი ნაღმი მოლაპარაკებათა პროცესისა და თავად ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ქვეშ, ”- აცხადებს კამინინი.


”თუ შეთანხმებაზე გასვლის პერსპექტივები საბოლოოდ გადაიკეტება, პასუხისმგებლობა ამაზე დაეკისრებათ როგორც დღევანდელ ქართულ ხელმძღვანელობას, ისე სტრატეგებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ და წაახალისებენ თბილისის არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.

ოფიციალურ თბილისს ჯერ-ჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button