ახალი ამბები

”ნაციონალების” და ”რესპუბლიკელების” დებატები პარლამენტში

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებით გამოწვეული ვნებათაღელვა დღეს ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატებს შორის საპარლამენტო დებატებით გაგრძელდა. რესპუბლიკელებმა მმართველი პარტია მათ წინააღმდეგ ”მარტივი და იაფფასიანი პროვოკაციების” მოწყობაში დაადანაშაულეს, ”ნაციონალებმა” კი ოპონენტებს ”უსინდისო” განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებში დასდეს ბრალი.


”არსებობს პოლიტიკური რეპუტაცია, რომელსაც აქვს კონკრეტული ფასი და თქვენ ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ პოლიტიკურად,”- მიმართა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე  მმართველი პარტიის გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ”რესპუბლიკელ” კოლეგებს.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მწვავე კრიტიკა მოჰყვა მმართველი პარტიისა და სტუდენტური ჯგუფების მხრიდან რესპუბლიკური პარტიის წევრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ 22 აპრილს ”რუსთავი 2”-ის საკვირაო გადაცემის სიუჟეტში გასულ კომენტარს, სადაც ის სხვადასხვა წყაროებზე, მათ შორის სტუდენტებზე დაყრდნობით საუბრობს, რომ აფხაზეთის საკითხებზე აქტივისტების უკან შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ზუგდიდის განყოფილება დგას. სიუჟეტი ეძღვნებოდა სოხუმის მიერ 1 მარტს დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის თემას. 


თუმცა ”იმედის” თოქშოუში ”ღია ეთერი”  23 აპრილს ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ სიუჟეტში მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაუშვეს და ის არ საუბრობდა აქტივისტ სტუდენტებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მხედველობაში ჰყავდა თებერვალ-მარტში აფხაზეთის სეპარატისტული არჩევნების დროს გალში გააქტიურებული ძალები, რომელთა უკან კუდ-ი იდგა და რომლებიც ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.


ვითარება კიდევ უფრო დაძაბა 23 აპრილს ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში სტუდენტების ხმაურიანმა შეჭრამ მაშინ, როცა მმართველის პარტიის მოწოდების შემდეგ დაეგმოთ ზაქარეიშვილის განცხადებები,  პარტიის ლიდერები მართავდნენ პრესკონფერენციას. ინციდენტის გამო პრესკონფერენცია ჩაიშალა.


”უმჯობესი იყო, რომ სტუდენტებს ყოფნოდათ თავშეკავება და ნამდვილად არ გადაელახათ ზღურბლი თქვენი პარტიის ოფისისა. მე მინდა ყველა სტუდენტ ვთხოვო, რომ ნებისმიერი ტიპის აქცია გააკონტროლონ, ”- განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც
ასევე უარყო გუშინ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მოუწოდა რესპუბლიკელებს დაეგმოთ ზაქარეიშვილის პოზიცია.


”ჩვენ მოგვიქსიეს სტუდკავშირელი აქტივისტები, რომლებმაც არსებითად ჩაშალეს ბრიფინგი. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საქმე გვქონდა დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომელიც ჩვენ იმიჯს და ავტორიტეტს ვერაფერს ვერ დააკლებს… სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში სიკვდილის ბრიგადებთან ერთად გაჩნდა მარბიელ კომკავშირელთა ბრიგადები,”- განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ.    


თუმცა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არ აინტერესებს პროვოკაციები ”რესპუბლიკური პარტიის” წინააღმდეგ. 


”მან [პაატა ზაქარეიშვილმა] გუშინ იმის მაგივრად, რომ ეთქვა, რომ ან არასწორი ინტერპრეტაცია იყო მისი სიტყვების ან შეცდა, თქვა, რომ ის გულისხმობდა უფრო დიდ რამეს, რომ გალის მოსახლეობა არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტერორის ქვეშ და არა ბაღაფშის რეჟიმის,”- განაცხადა ბოკერიამ.


”ჩვენ ის განგვასხვავებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან, კოკოითის და ბაღაფშის რეჟიმებისგან, რომელსაც ისინი აშენებენ დროებით, რომ ჩვენთან ნებისმიერი ასეთი აზრის გამოთქმა არის შესაძლებელი… მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ოპონენტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ სიტყვის თავისუფლება არის ყველასთვის და ამავე თავისუფლების ნაწილია, რომ როცა ასეთ რამეს იტყვი, შენ მიიღებ ისეთ შეფასებებს, რომელსაც იმსახურებ,”- დასძინა მან.


კიდევ ერთი თემა, რის გამოც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე რესპუბლიკელები გააკრიტიკეს, არის მათი კონცეფცია საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.


ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატის ნოდარ გრიგალაშვილის ციტირებით კონცეფციაში წერია, რომ ”საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში სუვერენული სახელმწიფოებრივი ერთეულია აფხაზეთი, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში გამოდის თანასწორუფლებიანი და დამოუკიდებელი პარტნიორის სახით”.   


თუმცა ”რესპუბლიკელების” თანაგუნდელმა, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა შეახსენა უმრავლესობას, რომ ”ამავე კონცეფციის ავტორები არიან აგრეთვე, გარდა რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი წევრებისა, ბატონის დავით ბაქრაძე, უმრავლესობის წევრი და ბატონი კოტე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე”.

დავით ბაქრაძემ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა რესპუბლიკელებთან ერთად კონცეფციის შემუშავებაში.

”ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი ”გენიალური” კონცეფცია ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიას მომზადებული… მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოში ვინმემ ამაზე ფიქრიც კი დაუშვას,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

მსგავსი/Related

Back to top button