ახალი ამბები

ესტონეთის და საქართველოს ლიდერები პარტნიორობაზე თანხმდებიან

ესტონეთი ”საქართველოს პარტნიორი და ძლიერი მხარდამჭერია”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ესტონელ კოლეგასთან თომას ჰენდრიკ ილვესთან 7 მაისს თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


ესტონეთის პრეზიდენტმა, რომელსაც ბიზნესმენთა 40-კაციანი ჯგუფი ახლავს, თავისი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ეს უკვე მისი მეორე ვიზიტია საქართველოში ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი ასევე ესტუმრება ბათუმს.


ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ორ ქვეყანას შორის ”ემოციური კავშირები” არსებობს.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ”შოკირებულია” რუსეთის პასუხით იმ აჟიოტაჟზე, რომელიც ტალინში საბჭოთა მეომრის ქანდაკებას უკავშირდება.


პრეზიდენტმა ილვესმა განაცხადა, რომ ”ესტონეთი ამაყია” იმით, რომ ახლო ურთიერთობები აქვს საქართველოსთან და დასძინა, რომ არსებობენ სახელმწიფოები, რომელთაც შურთ საქართველოს წარმატების.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button