ახალი ამბები

პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონის ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ”უკლებლივ ყველას” თანამშრომლობას სთავაზობს

1 მაისიდან გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ”გარდამავალი ადმინისტრაციის” შექმნის მიზნით, რომლის ფარგლებში თანამშრომლობას თბილისი კონფლიქტში მონაწილე ”უკლებლივ ყველა მხარეს” სთავაზობს, განაცხადა 23 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი, ქართული მხარის ”უკიდურესად მშვიდობიან” განწყობას.


ამის შესახებ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც განიხილეს პარლამენტის მიერ 13 აპრილს მიღებული კანონი ცხინვალის რეგიონში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ, რაც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.


”მე ვფიქრობ დადგა დრო, რომ ჩვენ გადავიდეთ სრულიად კონკრეტულ წინადადებებზე და შეთავაზებებზე, გადავდგათ სრულიად კონკრეტული, გაბედული ნაბიჯები პოლიტიკური დარეგულირებისაკენ… ჩვენ გვსურს, რომ 1 მაისიდან საუბრებიდან გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებებზე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის 5-პუნქტიანი გეგმა


საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების და ცხინვალის რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის მიზნით  5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს რეგიონის ”უკლებლივ ყველა ძალას, რომელიც წლების განმავლობაში გამოდიოდა და იბრძოდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ”.


კერძოდ, ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში წარმოდგენილ ორ ძალას – სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობას დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით და დე ფაქტო ხელისუფლებას ედუარდ კოკოითის ლიდერობით – სთავაზობს დროებითი ადმინისტრაციის შექმნას, ავტონომიის სტატუსზე მუშაობას, დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის შემოღებას.


დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კი სთავაზობს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში  – შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების და მეცნიერების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,  კულტურის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებში მოადგილეების დანიშვნას, რომელთაც  ამ ერთეულის ტერიტორიაზე შესაბამისი პრობლემების მოგვარების საგანგებო მანდატი ექნებათ ამ სამინისტროების მანდატის ფარგლებში.


”მომავალში, როდესაც შეიქმნება ავტონომიური ერთეული, ჩვენ მზად ვართ მივცეთ ამ ავტონომიურ ერთეულს, რომელიც იქნება ეთნიკური ოსების წარმომადგენელი, კიდევ უფრო მაღალი წარმომადგენლობა მუდმივად საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში,”- განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა კონკრეტული პოსტი არ დაასახელა.


საქართველოს ხელისუფლება ასევე სთავაზობს ადმინისტრაციული ერთეულის შემქმნელ ძალებს საგანგებო ფინანსურ პაკეტს რეგიონის რეაბილიტაციისთვის და შემდგომი განვითარებისთვის.


”მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ეთნიკური ქართველების და ოსების, ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანის კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, მიმართულია ყველა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მშვიდობის დასამყარებლად და იმისაკენ, რომ არასდროს აღარ განახლდეს რაიმე სახის კონფლიქტი, არასდროს აღარ დადგეს ეჭვქვეშ ჩვენი ერთიანი ქვეყნის საზღვრები და ჩვენ ვაპირებთ, რომ გადავდგათ ძალიან ენერგიული ნაბიჯები ამ მიმართულებით,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს ხელისუფლება მხარეებისაგან ახალ შეთავაზებებზე პასუხს 1 მაისამდე ელის. იმ დრომდე, როცა ადმინისტრაციის შექმნის შესახებ უკვე კონკრეტული დოკუმენტი შევა საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად.


თუმცა პრეზიდენტი აქვე აღნიშნავს, რომ ”ჩვენი შეთავაზება არ არის ვადით შეზღუდული და
მზად ვართ ამ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უკლებლივ ყველას მივცეთ საშუალება  დარეგულირების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის”.


არაეფექტური მოლაპარაკებათა ფორმატი


უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებათა არსებული ფორმატის არაეფექტურობას. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის რაიმე ფორმით ჩართვა.


”ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დაიღალნენ მრავალწლიანი, უმიზნო მოლაპარაკებებისგან და რეალური მოლაპარაკებების არ ქონისგან. დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ამ მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც არ არის პრაქტიკულად არანაირი შინაარსი, ადგილობრივი საზოგადოების უმეტესი ნაწილი პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის ფუნქციაა ასევე მოლაპარაკებათა პროცესში მაქსიმალურად  იყოს წარმოდგენილი ადგილობრივი ”მრავალეთნიკური” საზოგადოება, ”რომელთაც უკლებლივ ყველას სურთ მშვიდობა და რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ერთ თანამეგობრობას”.


დიმიტრი სანაკოევმა ალტერნატიული ხელისუფლების მოლაპარაკებათა პროცესში მხარედ ჩართვის საკითხი 20 აპრილს დააყენა, როცა მან მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე დისკუსიაში.


”ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ხალხი სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი ყველანაირი მოლაპარაკებების ფორმატში, ვინაიდან დღევანდელი ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა. რასაც ჩვენ ვქმნით, ეს არის საშუალება, რომ რეალურად დავუბრუნოთ ხმა ადგილობრივ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, ვისაც სურს ჩიხიდან გამოსვლა, რომელშიც შეგვიყვანა ამ უშინაარსო მრავალწლიანმა და ძალიან დამღლელმა ხელოვნურად გაჭიანურებულმა [მოლაპარაკებათა] პროცესმა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია ოთხი მხარე: ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბარში დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ”ფორმალურად და არაფორმალურადაც” გააგრძელოს მოლაპარაკებები ნებისმიერი ფორმატით.


”ჩვენ მზად ვართ უკლებლივ ყველას ველაპარაკოთ, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს,”- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოების მოთმინება  უსასრულო არ არის. ”ჩვენ, როგორც ხელისუფლება მზად ვართ ვიყოთ მომთმენნი, მოქნილები და ამავე დროს ჩვენ განწყობილები ვართ ვიმოქმედოთ სწრაფად, კონსტრუქციულად და მივიღოთ შედეგი. აქ არის სრული პოლიტიკური ნება ყველა ქართული პოლიტიკური ძალის,”- აღნიშნა სააკაშვილმა.


მას მხედველობაში ჰქონდა ყველა ძირითადი საპარლამენტო ძალის მხრიდან ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა.


პრეზიდენტმა ასევე ”თავზე მოხვეული ცნება” უწოდა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დაყოფის მცდელობას, რადგან ”ეს რეალურად ადგილზე არ ხდება”. 


”ჩვენ ვუწვდით მშვიდობის და მეგობრობის ხელს ყველა ჩვენ თანამემამულეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ყველას მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო არ იყო ინტეგრირებული აქამდე ჩვენ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


”ჩვენ გვსურს, რომ  ყველა ადამიანმა ჩვენს საერთო ისტორიის მქონე ქვეყანაში, სადაც ჩვენი თანამემამულეები ეთნიკური ოსები  ცხოვრობენ მრავალი საუკუნის განმავლობაში, რომლის ისტორიაშიც მათ აქვს უზარმაზარი როლი ნათამაშები, მე მინდა, რომ მათ დაიბრუნონ თავიანთი  ფუნქცია და ბევრად მეტი მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მართვაში, ისევე როგორც ჰქონდეთ სრული თვითმმართველობა იმ ავტონომიის  პირობებში, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



 

Back to top button