ახალი ამბები

ცხინვალის შსკ-ს საკონსულტაციო შეხვედრაზე ქართული მხარე სამშვიდობო მემორანდუმს წარადგენს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე დღეს ცხინვალში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების საკონსულტაციო შეხვედრაში.


ქართული მხარე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარადგენს სამშვიდობო მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ძალის არ გამოყენების პრინციპის განუხრელად დაცვას, რეგიონის დემილიტარიზაციის აუცილებლობას, ქართული და ოსური მხარეების სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას, რაც ”სამშვიდობო პროცესის წინსვლის პრიორიტეტულ წინაპირობას წარმოადგენს”. ასევე პირველხარისხოვან საკითხად არის დაყენებული რეგიონის ეკონომიკური განვითარება.


”მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ოსი ხალხის ინტერესების სრულად გათვალისწინებით განვითარების საუკეთესო შესაძლებლობების და გარანტიების შექმნა და პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, საქართველოს ერთიან სახელმწიფოში, [ცხინვალის] რეგიონისთვის ფართო ავტონომიის მინიჭება… ასევე კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გაფართოებული მონაწილეობის აუცილებლობა,” – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 18 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.


მემორანდუმი ქართულმა მხარემ შსკ-ს ფორმატში 22-23 მარტს სტამბოლში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე წარადგინა. მემორანდუმი, რომელიც სრულად ეყრდნობა ეუთოს ლიუბლიანას სამიტზე მხარდაჭერილ სამშვიდობო გეგმას, ცხინვალმა უარყოფითად შეაფასა.


სახელმწიფო მინისტრის ასევე აღნიშნავს, რომ ”საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღებული წინადადებების უგულებელყოფა კონფლიქტის მშვიდობიანი, სრულმასშტაბიანი, მოგვარების წინააღმდეგ იქნება მიმართული”.


”განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რომ ნებისმიერი სხვა წინადადება, რომელიც ამ პრინციპებთან არ იქნება შესაბამისობაში, შეფასდება, როგორც კონტრპროდუქტიული და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button