
ხელისუფლების საფეხბურთო გუნდს რუსეთმა ვიზა არ მისცა
საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდი სოჭში დსთ-ს ქვეყნების მთავრობებს შორის დაგეგმილ ყოველწლიურ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგანაც რუსეთის მხარემ გუნდის წევრებს ვიზები არ მისცა.
ამის შესახებ 14 აპრილს საგანგებო პრესკონფერნციაზე გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა.
”გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი იქ ჩასვლა საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, მათ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის ვიზები არ მოეცათ… არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩავსულიყავით აი ასეთ მეგობრულ, აბსოლუტურად მშვიდობიან, ძალიან სასიამოვნო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. აქედან გამომდინარე თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნები, თუ ვის როგორი დამოკიდებულება აქვს საერთოდ [რუსეთ-საქართველოს] ურთიერთობების დათბობასთან,” – განაცხადა გიორგი არველაძემ.
მისი თქმით, ამის მიუხედავად ივნისში, ბათუმში ქართული მხარის ინიციატივით საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა, სადაც სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად მიწვეული იქნება რუსეთის მთავრობის ნაკრებიც.
”ჩვენ მათ მივცემთ ვიზებს,”- დასძინა არველაძემ.