ახალი ამბები

ცხინვალის პარლამენტი გმობს რეგიონში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტი გმობს თბილისის გეგმებს ცხინვალის რეგიონში შეიქმნას დროებითი ადმინისტრაციული ერთეული და 13 აპრილს მიღებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ  ”ეს ქმედება ძაბავს ქართულ-ოსურ ურთიერთობებს”.


”ე.წ ”ალტერნატიული პრეზიდენტი”, ”ალტერნატიული მთავრობა”, და ”დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული” უკანონოა… და მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი ხერხით ცდილობს მის მიერ შექმნილი მარიონეტული ერთეულების დაკანონებას… მსოფლიო თანამეგობრობის თვალში მათი სამხრეთ ოსეთის ოფიციალური ხელისუფლების ალტერნატივად წარმოჩინებას, როგორ ძალისა, რომელიც ისწრაფვის სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შენარჩუნებას,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა.


ოსი დეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთის ირგვლივ დაძაბული სიტუაცია შესაძლოა ძალისმიერ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც გაართულებს ვითარებას მთელს კავკასიაში. 


”მოვლენათა ასეთმა განვითარებამ კი არ შეიძლება არ შელახოს რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები,”- ნათქვამია განცხადებაში.


სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს დაამტკიცა, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ამ კანონის მიზანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც დაეხმარება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას და დემოკრატიული არჩევნების მომზადებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button