ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის საკითხი აშშ-რუსეთის დებატების ფონზე განიხილეს

10 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე იმსჯელა, რასაც საფუძვლად დაედო ნიუ-იორკში ჩასვლაზე აფხაზური მხარისათვის უარის თქმა. რუსეთმა ეს საკითხი მწვავედ გააპროტესტა გაეროს ტრიბუნიდან, აშშ-მ  კი გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ ცდილობს აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელების გავლებას. 


რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ვაშინგტონის ”სერიოზული დიპლომატიური და პოლიტიკური შეცდომა” უწოდა იმ ფაქტს, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა სავიზო პრობლემების გამო ვერ დაესწრო ნიუ-იორკში აფხაზეთის საკითხის განხილვას.  ვიტალი ჩურკინმა დროზე ადრე ისე დატოვა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომ კოლეგების გამოსვლებისათვის არც კი მოუსმენია, იტყობინება 11 აპრილს ”როიტერი”.


გაეროში აშშ-ს ელჩის ალეხანდრო ვულფის განცხადებით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი  ქვეყნების ჯგუფიდან  მხოლოდ რუსეთი უჭერდა მხარს სერგეი შამბას გაეროს შტაბბინაში ჩასვლას.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 10 აპრილს განაცხადა, რომ აშშ ვერ განიხილავდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბასთვის ვიზის გაცემის საკითხს, რადგან მან თავად გაიტანა უკან ვიზაზე განაცხადი მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ არ იქნებოდა სასურველი სტუმარი ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობის დროს.


”ვიმედოვნებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ, რომლითაც გაეროს დამკირვებლებს მანდატი გაუგრძელდებათ, საკმაო პროგრესს დავინახავთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში და მოეწყობა ჟენევის სტილის დისკუსია აფხაზეთის შესახებ ნიუ-იორკში… მისი [შამბას] გამგზავრება გაეროში ასეთი შეხვედრისათვის საფუძვლიანი უნდა იყოს,”- განაცხადა შონ მაკკორმაკმა.


მისი ეს განცხადება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ მწვავე შეფასებას იმის თაობაზე, რომ აშშ კონფლიქტის ერთი მხარისათვის გაეროს ტრიბუნის დაბლოკვით არაკონსტრუქციულ როლს თამაშობს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.  რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ აშშ ბოროტად იყენებს იმ ფაქტს, რომ გაეროს შტაბბინა მის ტერიტორიაზეა განთავსებული.


იმავდროულად, გაეროში აშშ-ს ელჩმა ალეხანდრო ვულფმა გააკრიტიკა რუსული მხარე იმ ”მავნებელი მცდელობის” გამო, რომელსაც  ის ავლენს აფხაზეთსა და კოსოვოს თემებს შორის პარალელების გავლებისას, რითაც ”ხელს უშლის [აფხაზეთის შესახებ]  დისკუსიის წარმართვას”.


”როგორც ეს საბჭოს სხდომაზე აღვნიშნე, წარმოიდგინეთ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ კოსოვოს კონფლიქტის სიტუაციაში, მთელი ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოება უსმენდეს მხოლოდ სერბულ მხარეს?”- იტყობინება 11 აპრილს ”როიტერი” ჩურკინის სიტყვებზე დაყრდნობით.


10 აპრილს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და წევრ ქვეყნებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების და დასძინა, რომ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ქართულმა მხარემ ასევე დააყენა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხი და მზადყოფნა გამოთქვა აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის  წარმოებაზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.


იმავდროულად, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობამ გაავრცელა სერგეი შამბას ვიდეო-მიმართვა, სადაც აფხაზური მხარე დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს.


შამბამ ამ ვიდეო-მიმართვაში ასევე გააკრიტიკა გაერო იმის გამო, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ორივე მხარეს არ მოუსმინა, ”რაც ჩვენ გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ გაერო ვერ გახდა მიუკერძოებელი მხარე” კონფლიქტის მოგვარებაში, იტყობინება ”როიტერი”.


ცოტა ხნის წინ სერგეი შამბამ გააკრიტიკა გაეროს ”არაობიექტური” როლი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და განაცხადა, რომ სეპარატისტებმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ გაეროს ეგიდით მოლაპარაკებათა გაგრძელების მიზანშეწონილობა. მან გაეროს ფუნქციის რუსეთზე შესაძლო დაკისრებაზეც მიანიშნა.


ამ საკითხს თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერები სოხუმის სამიტზე, მას შემდეგ განიხილავენ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხზე მორიგ რეზოლუციას მიიღებს.


რეზოლუციის მიღება 13 აპრილს იგეგმება. თბილისის სურვილია, რომ რეზოლუციაში აისახოს ის პროგრესი, რომელიც წინა, ოქტომბრის რეზოლუციის შემდეგ შეინიშნება რეგიონში. ამის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა გაამახვილა ყურადღება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ  გაეროს უშიშროების საბჭო მოახდენს აფხაზეთში, თებერვალ-მარტში გამართული ე.წ. ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების დაგმობას.


ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს აღიარებს ასევე რუსული მხარეც, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი რეზოლუციის ტექსტზე დებატები მიმდინარეობს.


”მთლიანობაში [ოქტომბრის] რეზოლუცია არ არის შესრულებული და ჩვენ გვინდა, რომ ამან ჰპოვოს ასახვა ახალ რეზოლუციაში,”- განუცხადა ვიტალი ჩურკინმა ”რია ნოვოსტის” 10 აპრილს.


მისი თქმით, უშიშროების საბჭოს ყველა წევრი თანახმაა გაეროს დამკვირვებელთა მისიას მანდატი, რომელიც 15 აპრილს იწურება, კიდევ 6 თვით გაუგრძელოს.


ჩურკინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ქართული მხარის მოთხოვნა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების გაეროს ცისფერ ჩაფხუტიანებით ჩანაცვლების თაობაზე.


”[სამშვიდობო]ფორმატი უნდა შენარჩუნდეს. ლაპარაკიც ზედმეტია დსთ-ს სამშვიდობოების შემცირებაზე,”- განაცხადა ჩურკინმა.

მსგავსი/Related

Back to top button