
ბურჯანაძე: კერძო საკუთრების დაცვის შესახებ კანონპროექტი მალე შემოვა პარლამენტში
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში მთავრობა პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას კერძო საკუთრების დაცვის დამატებითი გარანტიების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა ”მარტივად ნამდვილად არ მიდის”.
”ჩემი ამოცანა არის მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობასაც კი დაასრულებს… ჩვენ დავდებთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტს, რომელიც ყველას დაარწმუნებს იმაში, რომ პრეზიდენტის და ჩემი განცხადება სერიოზულ საფუძველზე იყო დაფუძნებული და ეს არ იყო მხოლოდ რაიმეს შელამაზების მცდელობა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ოპოზიციის სახელით გააკრიტიკა ხელისუფლება უმრავლესობის მიერ დაპირებული კანონპროექტის წარმოდგენის გაჭიანურების გამო.
”მე ვფიქრობ, რომ მცდელობაა დროის გაწელვის, რომ ამ პერიოდში საკუთრებების გადაფორმება მოხდეს, რადგან ხელისუფლებას როცა აქვს ნება, ის საკმაოდ ოპერატიულია,”- განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, გასული რამოდენიმე თვის განმავლობაში კერძო საკუთრების ჩამორთმევისა და შენობების დანგრევის შემთხვევებში შესაბამისი კომპენსაციები არ არის გადახდილი.
”არანაირი სურვილის იმისა, რომ ხელოვნურად ეს პროცესი გაიწელოს ნამდვილად არ არის, სადაც იქნება დადასტურებული, რომ რაიმე უკანონობას ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ადგილი, აუცილებლად კომპენსაციები იქნება გაცემული და ეს ნამდვილად ასე მოხდება,”- განაცხადა ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ ნინო ბურჯანაძემ.
მისი თავმჯდომარეობით თებერვლიდან პარლამენტში მოქმედებს ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც საკუთრების ხელყოფის კონკრეტულ ფაქტებსა და ამ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივებს დახურულ ფორმატში განიხილავს. კერძო საკუთრების გარანტიებზე მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პირველად სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმსჯელებს.