ახალი ამბები

თბილისსა და მოსკოვს შორის სამი ჩარტერული ავიარეისი განხორციელდება აღდგომის დღეებში

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ჩარტერული რეისი განხორციელდება თბილისსა და მოსკოვს შორის, თუმცა ეს არ ნიშნავს ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავია მიმოსვლის აღდგენას, იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსეთის ავიაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


წყარომ სააგენტოს ასევე აცნობა, რომ რუსულ მხარეს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება დაიწყოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები, მიუხედავად ამის შესახებ ქართული მხარის თხოვნისა.


ამ საკითხზე მოსკოვში 5-6 თებერვალს მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მაშინ რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ თუ ქართული ავიაკომპანიები ვალების დაფარვას დაიწყებდნენ, დიალოგი გაგრძელდებოდა.


რუსეთმა საქართველოსთან ყველა სახის სატრანსპორტო, მათ შორის საჰაერო მიმოსვლა ოქტომბრის დასაწყისში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის გამო ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა.


 

Back to top button