
სააკაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველო მალე გახდება ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი
”ვვარაუდობთ, რომ უახლოესი ძალიან შეზღუდული პერიოდის განმავლობაში საქართველო გახდება ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი და შემდეგ გააგრძელებს ინტეგრაციას ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოფიცერთა ახლადშერჩეულ კორპუსთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
საქართველო ამჟამად ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას ასრულებს და ასევე გასული წლის სექტემბრიდან იმყოფება ალიანსთან ”ინტენსიური დიალოგის” ეტაპზე.
მისი თქმით, ამავე დროს საქართველოს უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია რეგიონალური სამხედრო თანამშრომლობის განვითარება.
”ჩვენი უსაფრთხოება არის პირველ რიგში, ნატოს ვექტორი, მაგრამ ეს არის მრავალ ვექტორიანი უსაფრთხოება. ეს არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ რეგიონალური თანამშრომლობის აწყობა მეზობელ ქვეყნებთან: თურქეთთან, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ დადგება დრო, როცა ჩვენ შევძლებთ კარგი სამხედრო თანამშრომლობის აწყობას რუსეთის ფედერაციასთან,”- განაცხადა პრეზიდენტმა 4 აპრილს.
”მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ დღევანდელ რთულ გამოწვევათა სამყაროში შევძლოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ჩვენი წვლილის შეტანა საერთაშორისო სამშვიდობო პროცესებში და ჩვენ ამას, დარწმუნებული ვართ, კარგად მოვახერხებთ,” – დასძინა მან.
მისი თქმით, საქართველო არის მრავალეთნიკური მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც სტაბილურობისა და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია, თუმცა მეორეს მხრივ, მუდმივად იმყოფება გამძაფრებული რისკების ქვეშ.
”ჩვენ გვემუქრებიან ჩვენი ტერიტორიების ნაწილების ჩამოჭრით და მე მინდა ყველამ იცოდეს: ის დრო, როცა საქართველოს, მისი ტერიტორიების ბედი წყდებოდა რომელიმე სამოლაპარაკებო მაგიდასთან ან მითუმეტეს რომელიმე უცხოურ კაბინეტებში ჩვენი მონაწილეობის გარეშე ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა. ჩვენ გასაცემი ტერიტორიები არ გვაქვს და აწი ნამდვილად აღარ გვექნება, ამიტომ ყველა ამას უნდა შეეგუოს. მიგვიღონ ჩვენ, როგორც პარტნიორი, მეგობარი,”- განაცხადა სააკაშვილმა.