skip to content
ახალი ამბები

კოდორის დაბომბვის გამოსაძიებლად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო

ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტის დაბომბვის გამოძიების შემდგომი წინსვლისთვის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, განაცხადა გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში 3 აპრილს.


თბილისის განცხადებით, ხეობა რუსული სამხედრო ვერტმფრენებიდან და აფხაზური არტილერიიდან დაიბომბა.


ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი ორჯერ ეწვია ზემო კოდორის ხეობას ინციდენტის გამოძიების მიზნით. თუმცა, გამოძიების შედეგები ჯერჯერობით არ გახმოვანებულა.


ერთობლივ შემსწავლელ ჯგუფს გაეროს დამკვირვებელთა მისია
ხელმძღვანელობს, მაგრამ რადგანაც მასში ასევე შედიან რუსი სამშვიდობოები და ქართული და აფხაზური მხარეები, ჯგუფის დასკვნაში ოთხივე მხარის შეხედულებები აისახება.


პრეს-რელიზში, რომელიც შეიცავს ძალიან ზოგად ინფორმაციას გამოძიების პროცესის შესახებ, გაეროს დამკვირვებელთა მისია აცხადებს, რომ გამოძიების დროს ერთობლივმა ჯგუფმა ”მოაგროვა და შეამოწმა  იმ ჭურვის ნამსხვრევების მტკიცებულებები, რომლითაც თავდასხმა განხორციელდა, რათა დადგინდეს, რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული”.


გამომძიებლებმა ”უამრავი ინტერვიუ აიღეს” ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან და დსთ-ს სამშვიდობოებისგან, რათა შესაძლებლობების ფარგლებში შეიქმნას საუკეთესო სურათი ინციდენტის შესახებ, იტყობინება გაეროს დამკვირვებელთა მისია.


”გარდა ამისა, თავდასხმის მიმართულებისა და მანძილის დასადგენად, ერთობლივმა შემსწავლელმა ჯგუფმა ჭურვების დაცემის 17 სხვადასხვა ადგილას განახორციელა აფეთქების ძაბრის ანალიზი და ასევე შეამოწმა ჩხალთის ადმინისტრაციის დაზიანებული შენობა. ოთხი დამოუკიდებელი სესიის დროს ექპერტთა შესაბამისმა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფებმა ერთობლივ შემსწავლელ ჯგუფს მიაწოდა ინფორმაცია არტილერიის, ავიაციის და საარტილერიო ჭურვების შესახებ. ყველა მხარემ წარმოადგინა მოვლენების ასახსნელად საჭირო ინფორმაცია და არგუმენტები,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.


”კონსენსუსი იქნა მიღწეული ინციდენტის რამდენიმე ასპექტში. ერთობლივი ჯგუფი ასევე შეთანხმდა, რომ შემდგომი წინსვლისთვის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, რომლის მოპოვებასაც უახლოეს მომავალში ელის,”- აცხადებს გაეროს დამკვირვებელთა მისია.


ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი 2000 წლის იანვარში ჩამოყალიბდა და მისი მოწვევა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მთავარი სამხედრო დამკვირვებლის მიერ ან რომელიმე მხარის მოთხოვნით ხდება, რათა გამოძიებულ იქნას ის ინციდენტები, რომლებიც შეიძლება  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევას ეხებოდეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button