
ბრაიზა სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს თბილისის არამეგობრულ ნაბიჯად არ მიიჩნევს
საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანის ფაქტს არამეგობრულ ნაბიჯად არ მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა.
”არამეგობრული ნაბიჯი იყო ქართველთა დეპორტაცია რუსეთიდან…. ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას სიმშვიდისაკენ და მშვიდი რეაგირებისაკენ ისეთი დასაგმობი ფაქტებისადმი, როგორსაც ადგილი ჰქონდა ეთნიკურ ქართველთა დეპორტაციაში, ქართველ ბავშვთა მოძიებისას [რუსულ] სკოლებში და ეს მართლაც დასაგმობი იყო,” – განაცხადა 30 მარტს მეთიუ ბრაიზამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
“მე არ მიმაჩნია, რომ ეს [საქართველოს მხრიდან] არამეგობრული ნაბიჯია, პირიქით საქართველოს მთავრობა ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებები საერთაშორისო ნორმებით აღიარებული პრაქტიკის ფარგლებში დაიცვას,” – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
მისი თქმით, ”ევროპელმა მეგობრებმა” ურჩიეს საქართველოს მთავრობას მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის.
მეთიუ ბრაიზამ მიანიშნა, რომ არსებული პრობლემა ურთიერთკომპრომისის გზით მოგვარდება.
”როგორც მგონია, იმედი მაქვს, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან იქნება საქართველოსთვის სანქციების მოხსნა. ამის საპასუხოდ კი საქართველო გამოხატავს კეთილი ნების ჟესტს. ეს იქნება ორმხრივი ნაბიჯები, რაც მიგვიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობამდე,”- დასძენს ბრაიზა.