
სიმონსი ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს დადებითად აფასებს
საქართველოსა და ნატოს შორის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისა (IPAP) და ინტენსიური დიალოგის ფორმატებში ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონმა.
იგი გეგმიური ვიზიტით საქართველოს 28 მარტს ეწვია და საქართველოში მიმდინარე რეფორმები საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
რობერტ სიმონსის განცხადებით, IPAP-ის შემფასებელმა მისიამ, რომელიც თბილისს თებერვლის ბოლო დეკადაში სტუმრობდა, აღნიშნა, რომ პროცესი წინ მიდის.
”მე შემიძლია ვთქვა, რომ განხილვას ჰქონდა პოზიტიური ხასიათი, რის შესახებაც მოკავშირეებმაც აღნიშნეს,”, – განაცხადა რობერტ სიმონსმა.
16 მაისს ბრიუსელში მისიის დასკვნას განიხილავს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
რაც შეეხება ინტენსიური დიალოგს, რობერტ სიმონსმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას ბრიუსელში ამ ფორმატში გამართული დისკუსია ძირითადად ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს შეეხებოდა, ”მაგრამ ასევე განხილულ იქნა პოლიტიკური საკითხებიც”.
მისი თქმით, ივნისამდე ინტენსიური დიალოგის ფორმატში დაგეგმილია კიდევ სამი შეხვედრის ჩატარება.
”თავად ის ფაქტი, რომ ნატომ საქართველოს მიანიჭა ინტენსიური დიალოგი, მიუთითებს იმაზე, რომ ალიანსი აღიარებს ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას… მაგრამ ეს არის პროცესი და ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ როდის დასრულდება იგი,” – განაცხადა რობერტ სიმონსმა.
გელა ბეჟუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში კონფლიქტებთან მიმართებაში შექმნილ სიტუაციაზე და ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, ”რომელიც უკვე ნატოს განხილვის თემა გახდა”.