
ზვიად გამსახურდიას ნეშტზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები ოფიციალური თბილისისთვის უცნობია
საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხედარზე რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები თბილისში ოფიციალური სტრუქტურებისთვისაც არ არის ცნობილი.
მინისტრის განცხადებით, მისმა მოადგილემ ექსპერტიზის შედეგების დოკუმენტის ასლის გადაღება ჯერ კიდევ 28 მარტს ითხოვა, მაშინ როდესაც ზვიად გამსახურდიას ნეშტი ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში ჩამოასვენეს, თუმცა ”ოჯახის წევრებისგან, ამის საშუალებაც არ მოგვეცა”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა 28 მარტს განაცხადა, რომ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარი ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. თუმცა მას არაფერი უთქვამს ექსპერტიზის იმ ნაწილზე, რომელშიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზებზე იყოს საუბარი.
”რა წერია [დასკვნაში], მაგას გაეცნობით თავის დროზე,”- განუცხადა ჟურნალისტებს პირველი პრეზიდენტის შუათანა ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ 28 მარტს.
თბილისში ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებაზე გამსახურდიას ოჯახი უარს აცხადებს, თუმცა მისი უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია მოითხოვს სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად დადგინდეს მანამ, სანამ ზვიად გამსახურდიას 1 აპრილს დაკრძალავენ.