
თბილისი ცხინვალის რეგიონში ”დროებით ადმინისტრაციულ ერთეულს” ქმნის
თბილისი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ”დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის” შექმნას გეგმავს, რაც დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაიზიაროს პასუხისმგებლობა რეგიონის მომავალზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მარტს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დროებითი ადმინისტრაციული ერთეული საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას ”გაინაწილონ სამშვიდობო ოპერაციის ტვირთი, გახდნენ ნაწილი ჩვენი სამშვიდობო პოლიციური ოპერაციებისა და თვითონ აიღონ ხელში საკუთარი რეგიონის უსაფრთხოება”.
”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარლამენტს მივმართოთ თხოვნით მიიღოს კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დროებითი ადმინისტრაციული ერთეულები შექმნას ცხინვალის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე. შევქმნათ დროებითი ადმინისტრაციული ერთეულები, როგორც ნაწილი მოლაპარაკებებისა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
”ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც სურს მშვიდობა რეგიონში, ვისაუბროთ, ერთად შემქმნათ ეს ადმინისტრაციული ერთეული, ერთად მოვამზადოთ ნამდვილი არჩევნები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და საბოლოოდ, მშვიდობიანი პროცესის და მოლაპარაკებების შედეგად განვსაზღვროთ ტერიტორიის საკითხი. მანამდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა რომელიც იზრუნებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ასევე საშუალებას მისცემს ადგილობრივ ეთნიკურ ოსებსაც მათ შორის და მთლიან მოსახლეობას გაინაწილონ სამშვიდობო ოპერაციის ტვირთი”, – დასძინა მან.
მისი თქმით, ამის თაობაზე მან კონსულტაციები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც ამჟამად აშშ-ს სტუმრობს, ასევე დეპუტატებთან ”ნაციონალური მოძრაობიდან”.
მისი თქმით, ადმინისტრაციული ერთეული გარდამავალ პერიოდში იმუშავებს, ”რათა გაადვილდეს სტატუსზე მუშაობის პროცესი და ეს უნდა გახდეს ბოლო ეტაპი დემოკრატიული, სამშვიდობო პროცესისა”.
სააკაშვილის თქმით, ალტერნატიული ლიდერის დიმიტრი სანაკოევის გამოჩენამ მთავარი დარტყმა მიაყენა სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს და ”მის უცხოელ პატრონებს”.
”ჩვენ უნდა ვესაუბროთ სანაკოევს და სხვა ადგილობრივ ლიდერებს, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ მოსახლეობას და რომელთაც სურთ მშვიდობა; ამ ტერიტორიის საბოლოო სტატუსი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში უნდა განისაზღვროს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ორი ქართველი პოლიციელის დაღუპვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 25 მარტს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას განუცხადა, რომ ორი ქართველი პოლიციელი მას შემდეგ მოკლეს, რაც მათი მანქანა ”სულ ცოტა ექვსმა კარგად შეიარაღებულმა მებრძოლმა” ალყაში მოაქცია სოფელ ნიქოზის მახლობლად.
თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის განცხადებით, ოსმა მილიციელებმა ცეცხლი გახსნეს, რათა ”ქართველ დივერსანტთა ჯგუფი მოეგერიებინათ”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მარტს განაცხადა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა იყო ედუარდ კოკოითის და მისი რეჟიმის მიერ განხორციელებული ”პროვოკაცია”. ცხინვალის რეჟიმს მან ”ბანდიტური დაჯგუფება” უწოდა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისი არც გაწყვეტს კავშირს სანაკოევის ადმინისტრაციასთან და არც გამოიყვანს აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას ზემო კოდორის ხეობიდან, მიუხედავად ”მუქარებისა საქართველოს წინააღმდეგ”.
რუსეთმა უკვე გააფრთხილა თბილისი, რომ მისი ურთიერთობები სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობასთან და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზემო კოდორის ხეობაში განთავსება ართულებს კონფლიქტების მოგვარების პროცესს.