
იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი წარადგინა, იტყობინება იუსტიციის სამინისტრო.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განაცხადის მომზადებასა და წარდგენას საფუძვლად დაედო რუსეთის მხრიდან საქართველოს ათასობით მოქალაქისა და ეროვნებით ქართველის დეპორტაციის პროცესში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა.
საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას, მათ შორისაა კოლექტიური გაძევების აკრძალვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დისკრიმინაცია.
ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე გააკრიტიკა თბილისი ამ ნაბიჯის გამო და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ხელს არ შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
”ამ ტიპის მოქმედებები ხელს არ შეუწყობს ურთიერთიერთობების მოწესრიგებას რუსეთსა და საქართველოს შორის, რაზეც ჩვენ ორიენტირებული ვართ საქართველოსთან მუშაობის მიმართულებით”, – განუცხადა 26 მარტს ”ინტერფაქსს” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა.