
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შესაძლოა დღეს შეიტანოს
დღეს საქართველო აპირებს შეიტანოს სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და ქართველთა დეპორტაციის ფაქტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ”სივილ ჯორჯიას” მთავრობის წყარომ აცნობა.
სარჩელის შეტანის ვადა 28 მარტს იწურება. სარჩელი სავარაუდოდ იქნება სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ ტიპის. სავარაუდოდ, ამ საკითხებზე დეტალურ განმარტებას იუსტიციის სამინიტრო მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შევა.
ქართული მედია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სარჩელს სასამართლოში საქართველოს ელჩი ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი შეიტანს.
იუსტიციის სამინისტრო სარჩელს რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების ინფორმაციაზე დაყრდნობით მას შემდეგ ამზადებდა, რაც გასული წლის ოქტომბიდან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების უკიდურესად გამწვავებას რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა და ეთნიკური ქართველების უფლებების მასიური შელახვა და მათი ნაწილის დეპორტაცია მოჰყვა.
საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას, მათ შორისაა კოლექტიური გაძევების აკრძალვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დისკრიმინაცია. სარჩელის მომზადებაში იუსტიციის სამინისტროს მაღალკვალიფიციური ბრიტანელი იურისტები უწევდნენ დახმარებას.