
”ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზის მომწოდებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
კომპანია ” ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის შემდგომი მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს, როგორც ”გაზპრომთან” და ისე ”შაჰ-დენიზის” კონსორციუმთან.
კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის უმეტეს ნაწილს 1000 კუბამეტრზე 235 აშშ დოლარად ”გაზპრომისგან” იღებდა, დეკემბერში გაფორმებული სამთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ვადა მარტის ბოლოს იწურება. მომარაგების 10% -ს კი შეადგენდა იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანიდან შემოსული გაზის რაოდენობა.
”ყაზტრანსგაზ-თბილისი” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ეკა სარიას განცხადებით, კომპანიას ”გაზპრომთან” ბუნებრივი აირის მოწოდების გაგრძელებაზე პრობლემა არ ექნება, თუმცა ასევე სასურველია კომპანიამ ”შაჰ-დენიზის” იაფი გაზი მიიღოს.
”ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ამ [შაჰ-დენიზის] გაზსადენიდან გაზის მოცულობის ზრდა, იმისათვის რომ გაზგამანაწილებელ ქსელში იაფი გაზის ბალანსი 50%-მდე მაინც გაიზარდოს”, – განაცხადა ეკა სარიამ და დასძინა, რომ საბოლოო ბალანსი აპრილის დასაწყისში გაირკვევა.
ამ დროისთვის თბილისს დაახლოებით 55-60 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი ესაჭიროება ყოველდღიურად.