ახალი ამბები

კოდორის ინციდენტს დამატებითი გამოძიება სჭირდება

ოთხმხრივმა ერთობლივმა შემსწავლელმა ჯგუფმა კიდევ ერთი ვიზიტი უნდა განახორციელოს ზემო კოდორის ხეობაში, რათა 11 მარტს მომხდარი დაბომბვის თაობაზე საბოლოო დასკვნები გაკეთდეს, განაცხადეს ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა 23 მარტს.


ერთობლივი ჯგუფი, რომელშიც გაეროს დამკვირვებლები, რუსი სამშვიდობოები, ასევე ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლები შედიან, ზემო კოდორის ხეობაში დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩავლენ.


ერთობლივმა ჯგუფმა 13-16 მარტს უკვე შეამოწმა მთელი რიგი დაბომბილი ადგილები.


თბილისი აცხადებს, რომ 11 მარტს გვიან ღამით სულ ცოტა სამი ვერტმფრენი შემოფრინდა საქართველოს საჰაერო სივრცეში და ზემო კოდორის ხეობის სოფლები დაბომბა, რასაც შედეგად მოყვა ადმინისტრაციული შენობების დაზიანება. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, საარტილერიო ცეცხლი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც გაიხსნა.


ერთობლივ ჯგუფს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია ხელმძღვანელობს, მაგრამ რადგანაც მასში რუსი სამშვიდობოები და ასევე ქართული და აფხაზური მხარეებიც შედიან, ჯგუფის საბოლოო დასკვნაში ოთხივე მხარის პოზიცია აისახება.


ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი 2000 წლის იანვარში ჩამოყალიბდა და მისი მოწვევა დამკვირვებელთა მისიის მთავარი სამხედრო დამკვირვებლის მიერ ან რომელიმე მხარის მოთხოვნით ხდება, რათა გამოძიებულ იქნას ის ინციდენტები, რომლებიც შესაძლოა ეხებოდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევას. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button