
ენერგორესურსების დივერსიფიცირების მიზნით ტრანსკასპიურ მილსადენებზეა მიპყრობილი ყურადღება
ამერიკის შეერთებული შტატები დასავლეთის ბაზრებზე აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით თურქმენეთის ენერგომატარებლებისთვის ახალი საექსპორტო მარშრუტების განვითარების საკითხს განიხილავს, განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა 22 მარტს.
თბილისში ნავთობის, გაზის ენერგეტიკისა და ინფრასტუქტურის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიიდან ნავთობისა და გაზის სატრანზიტო ქვეყნის როლის გაფართოება დამოკიდებული იქნება ახალი რაოდენობის ენერგორესურსების მოზიდვაზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი.
რადგანაც საქმე გაზს ეხება, ”თურქმენეთს დიდი როლი დაეკისრება, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”,- განაცხადა ტეფტმა, თან იქვე დასძინა, რომ ამერიკელი დიპლომატი, რომელიც კასპიის ენერგორესურსების საკითხებს კურირებს, სტივენ მანი მარტში თურქმენეთს სტუმრობდა.
”გვინდა, რომ თურქმენეთმა ისე განავითაროს თავისი ენერგორეზერვები, რომ მათ ისეთი საბაზრო ღირებულება ჰქონდეთ, რომ ექსპორტის სხვადასხვა ვარიანტები გაუჩნდეთ”, – განაცხადა ტეფტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 22-23 მარტს სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან და მთავრობის წევრებთან.
თბილისის ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას ჯონ ტეფტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს ენერგო მოწოდებების და მომწოდებელთა დივერსიფიკაციას.
”ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს კონკურენციას და არა კონფრონტაციას”,-აღნიშნა მან.
”ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ გაიყოფა ბუნებრივი რესურსების ტკბილი ლუკმა ამ რეგიონში, არამედ თუ როგორ გავზარდოთ მთლიანობაში ის რეგიონის მაცხოვრებელთა და მსოფლიო ბაზრების სასარგებლოდ”, – განაცხადა ტეფტმა, თან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის მოადგილის კლეი სელის მიერ გაჟღერებული მოსაზრება. კლეი სელი თბილისს 15-16 მარტს სტუმრობდა.
ნავთობის ტრანსპორტირებაზე საუბრისას აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ ამჟამად კომპანიებს ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვით ტანკერების მეშვეობით მოაქვთ, თუმცა ნავთობსადენების გამოყენება საჭირო გახდება მოცულობის ზრდასთან ერთად.
”ეკოლოგიური თვალსაზრისით, ნავთობსადენი, რა თქმა უნდა, ბევრად უსაფრხო იქნება, ვიდრე გემებით ტრანსპორტირება”, – დასძინა მან.
იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ს სტუმრობს, მოუწოდა ევროკავშირს ნება არ დართოს რუსეთს შეაფერხოს იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ევროპაში გაზის მოწოდების დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად.
20 მარტს ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსკოვის ”სასოწარკვეთილი მცდელობები” კვლავ დაამყაროს კონტროლი საქართველოზე გამოწვეულია იმით, რომ სურს ხელში ჩაიგდოს დასავლეთის ბაზრებზე ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები.
”ამ ეტაპზე რუსეთის მთავარი სამიზნეა თავისი ენერგო მონოპოლიის უზრუნველყოფა კასპიის გაზის ტრანსპორტირების შესახებ ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტის ”ნაბუქოდონოსორის” შეფერხების გზით, რომელიც საგრძნობ შვებას მისცემს ქვეყნებს, რომ აღარ იყვნენ ზედმეტად დამოკიდებული რუსულ გაზზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
”ნაბუქოდონოსორის” პროექტი არის მილსადენი, რომლის საშუალებითაც მოხდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება თურქეთიდან ავსტრიაში, ბულგარეთის, რუმინეთის და უნგრეთის გავლით.
”თუ ევროპა საშუალებას მისცემს რუსეთს შეაჩეროს ”ნაბუქოდონოსორის” პროექტი – ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ენერგოპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ყაზახური და თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპროტირებას თურქეთის გავლით ევროპაში – ვიტყოდი, რომ ევროპა თავად შეიტანდა წვლილს ”გაზპრომის” შეუქცევად დომინანტობაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა 22 მარტს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს მემორანდუმს კასპიის რეგიონში ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.
”განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის გაზსადენის პროექტის რეალიზაციას და ასევე ნაბუქოდონოსორის და აზერბაიჯანული გაზის სხვა მილსადენებს, რაც დაეხმარება ევროპას გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება ბუნებრივი აირის მოწოდებების დივერსიფიკაციის გზით”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.