
არასრულწლოვანის მიმართ სასამართლო განაჩენს აქციებით აპროტესტებენ
მეორე დღეა თბილისში სკოლის მოსწავლეთა აქციები მიმდინარეობს, სადაც არასრულწლოვანი გიორგი ზერეკიძისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ 19 მარტს გამოტანილ 7-წლიანი პატიმრობის განაჩენს აპროტესტებენ. განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ აქციის შეწყვეტისა და სკოლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრის ჯაბა ჯიშკარიანის გათავისუფლებას, რომელიც ზერეკიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მანდატურებმა დააკავეს. მას სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს შეურაცხყოფისა და სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო.
აქციები, რომლის მთავარი ლოზუნგია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა, 21 მარტს თბილისის გარდა საქართველოს 8 ქალაქშიც გაიმართა, რომლებიც ოპოზიციური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” მიერ იყო ორგანიზებული.
პარალელურად ზირეკიძისა და ჯიშკარიანის ”არაადეკვატურ” სასჯელებს აპროტესტებენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ამ მოტივით შიმშილობის აქცია დაიწყო ”თანასწორობის ინსტიტუტის” ერთმა წევრმა.
შარშან იანვარში 14 წლის გიორგი ზერეკიძემ შელაპარაკების ნიადაგზე დანით მსუბუქად დაჭრა 23 წლის პიროვნება, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამ ინციდენტის შემდეგ გიორგი ზერეკიძე სამართალდამცავებს ოჯახმა ჩააბარა.
არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს თავდაპირველად ოთხი მუხლით წაუყენა პროკურატურამ ბრალდება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის გარდა ყველა ბრალდება მოუხსნა და ამდენად განსასჯელს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მისჯილი 10 წლიანი პატიმრობის ვადა 7 წლამდე შეუმცირა.
დღეს ზერეკიძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა რამოდენიმე ჩვენება, მათ შორის ზირეკიძის დედის ჩვენება, გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენამდე ზირეკიძეს სერიოზული შელაპარაკება მოუვიდა დედასთან და სახლიდან აღელვებული გავიდა.
საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზირეკიძე მანამდეც იყო შემჩნეული სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, ”რაზედაც მიმდინარეობს გამოძიება”.
18 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა შეშფოთება გამოხატა 14 წლის არასრულწლოვანი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით.