ახალი ამბები

”ახალი მემარჯვენეები” ვანო მერაბიშვილის რეაბილიტაციის “უსუსურ” მცდელობაზე საუბრობენ

”ახალი მემარჯვენეები” საზოგადოებრივ მაუწყებელის არხის ხელმძღვანელობას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის რეაბილიტაციის “უსუსურ” მცდელობაში ადანაშაულებენ მას შემდეგ, რაც 16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “დღის კომენტარს” ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ მერაბიშვილმა ინტერვიუ მისცა.


ხელისუფლებამ როგორც არ უნდა მოინდომოს, “მკვლელების მფარველი და დისკრედიტირებული მერაბიშვილისაგან ვეღარ შექმნის ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდს”, – ნათქვამია ”ახალი მემარჯვენეების” მიერ 19 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


“როდესაც მინისტრი მერაბიშვილი ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ კვლავ ჩნდება ტელეეკრანებზე და მას შეკითხვებსაც კი არ უსვამენ მძაფრი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებზე – სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის მკვლელობებზე და ე.წ. ციხის ბუნტზე, აშკარაა რომ საქმე გვაქვს, ან მისი პერსონის რეაბილიტაციის უსუსურ მცდელობასთან, ან საზოგადოების გამოწვევის თავხედურ ფორმასთან” – აცხადებენ მემარჯვენეები.

ინტერვიუს ბოლოს ”დღის კომენტარის” წამყვანმა მერაბიშვილს დაუსვა შეკითხვა, ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკის ფონზე აპირებდა თუ არა იგი გადადგომას, რაზეც მერაბიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

”ჯერ კიდევ მაქვს დარჩენილი მთელი რიგი ამოცანები განსახორციელებელი, როცა მათ განვახორციელებთ მერე შიძლება ვიფიქრო დასვენებაზე”, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button