skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი კონფლიქტებზე, სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ხელს უწვდის ეთნიკურ აფხაზ და ოს ხალხს და სთავაზობს ”ევროპული სტანდარტების შესაბამისად ავტონომიის უმაღლესს ხარისხს”.


საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში თავის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ”ბრიყვული” უწოდა ტერმინებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები.


”ტერმინი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქართულ-ოსური კონფლიქტი მოგონილია ბრიყვების და უბრალოდ არაინფორმირებული ადამიანების.  რას ნიშნავს, ვინ არის აფხაზი?… ის ხალხი 500 ათასი ადამიანი, იმიტომ, რომ  600 ათასამდე იყო აფხაზეთის მოსახლეობა, 100 ათასზე ნაკლების რჩება ახლა იქ, რომელიც გამოაძევეს აფხაზეთიდან, არის თუ არა აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა, რა თქმა უნდა არის აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა. რას ნიშნავს ქართულ-ოსური კონფლიქტი. ვინ არის მეორე მხარე? [იური] მოროზოვი [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე] არის ოსური მხარე? თუ ბატონი  [ანატოლი] ბარანკევიჩი [დე ფაქტო თავდაცვის ყოფილი მინისტრი]არის ოსური მხარე?, თუ ის ოფიცრები, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილი. თუ დიმიტრი სანაკოევია[ალტერნატიული პრეზიდენტი] ოსური მხარე და არსებობს თუ არა საერთოდ ოსური და ქართული მხარეები?… არ არსებობს ქართულ-ოსური კონფლიქტი და  ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის იმპერიული იდეოლოგების და ტექნოლოგების ერთ-ერთი მორიგი მონაჩმახი”, – განაცხადა დღეს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
 
საქართველოს პრეზიდენტი ”არაეფექტურს” და ”დისკრედიტირებულს” უწოდებს არსებულ მოლაპარაკებების ფორმატებს, სადაც დომინანტური პოზიცია რუსეთს უკავია და აცხადებს, რომ აუცილებელია არსებული მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა მხარეებს შორის კონსულტაციებით.


”ჩვენ ასევე გვინდა ამ ყველაფერში ევროპული ინსტიტუტების, ამერიკის შეერთებული შტატების ბევრად უფრო აქტიური მონაწილეობა. დღევანდელი სამშვიდობო ფორმატი არის დისკრედიტირებული არაეფექტური და ყველა ხვდება, რომ მისი შენარჩუნება ამ ფორმით არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველასთან კონსულტაციით წყნარი გადასვლა ბევრად უფრო მოქნილ, ბევრად უფრო ეფექტურ ფორმატზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან სოხუმსა და ცხინვალს საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით და დახმარებით კონფლიქტური რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციაზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button