
სააკაშვილი ”ბარბაროსული” თავდასხმის შემდეგ კოდორელებს მეტ აღმშენებლობას პირდება
პრეზიდენტი სააკაშვილი 14 მარტს ზემო კოდორის ხეობას ორი საათით ეწვია მას შემდეგ, რაც 11 მარტს ეს ტერიტორია, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ დაიბომბა.
სააკაშვილი სოფელ ჩხალთაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შტაბბინას ეწვია, რომელიც კოდორის დაბომბვის შედეგად დაზიანდა, ხოლო შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
”მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ხეობებში შემოსვლის ნებისმიერი მცდელობის, ზემო აფხაზეთის აღების ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, მთელი საქართველო – 5 მილიონი კაცი, როგორც ერთი, ფეხზე დადგება. ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ აქაურობა დავიცვათ”, – განუცხადა სააკაშვილმა კოდორის მოსახლეობას.
”საქართველოს ვეღარავინ ვერაფერს დააკლებს და ვერასდროს დააჩოქებს”, – დასძინა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ხეობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესის ტემპები გაორმაგდება და ეს იქნება საქართველოს პასუხი თავდასხმებზე, რომელსაც მან ”ბარბაროსული” უწოდა.
”თუ ვინმე საზღვრებს ჩაგვიკეტავს, ჩვენ სხვა საზღვრებზე გავალთ; თუ ვინმე საჰაერო სივრცეს დაგვიკეტავს, მაინც ყველგან ვიფრენთ, რადგან ახალ აეროპორტებს უკვე ვაშენებთ; თუ ვინმე ბაზარს დაგვიკეტავს, ახალ ბაზრებზე გავალთ, უკეთეს პროდუქციას გამოვუშვებთ და გავყიდით”, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, აფხაზური ძალებს 11 მარტს ღამით ზემო კოდორის ხეობის სახმელეთო დაბომბვაში სულ ცოტა სამი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი ეხმარებოდა.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის მალხაზ აქიშბაიას განცხადებით, ხეობაში უკვე აღმოჩენელია 25-მდე ჭურვი.
”ყველა მტკიცებულება გვაქვს იმის თაობაზე, რომ ხეობა დაიბომბა როგორც ჰაერიდან, ისე ხმელეთიდან. ასევე ნათელია, რომ ვერტმფრენები შემოფრინდნენ რუსეთის მხრიდან და ექსპერტები დაადასტურებენ ამას”, – დასძინა აქიშბაიამ.
თუმცა, აფხაზური და რუსული მხარეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე კავშირს ინციდენტთან.
ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ქართულ და აფხაზურ მხარეებს, ასევე გაეროს დამკვირვებლებს და რუს სამშვიდობოებს აერთიანებს, 13 მარტს ზემო კოდორის ხეობაში ჩავიდა ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით. თუმცა, ჯგუფის მიერ წარმოებული გამოძიების შესახებ რაიმე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
თბილისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადეს, რომ პროვოკაციის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ”უარყოფითი ფონის შექმნა” ზემო კოდორის ხეობაში არსებულ უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, რომელმაც აპრილში აფხაზეთის შესახებ უნდა იმსჯელოს.
საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 13 მარტს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოდორის ხეობის დაბომბვა პროვოკაცია იყო და რომ მან უკვე აცნობა გაეროს გენერალურ მდივანს ამის თაობაზე.
ალასანიას თქმით, საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე პროვოკაციაში იყოს ჩათრეული და კვლავ სამშვიდობო პროცესის ერთგული რჩება, ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ანალგიური პროვოკაციების გამეორების მაღალი ალბათობა არსებობს”.
აშშ-ს საელჩომ თბილისში 13 მარტს განაცხადა, რომ ”მას ღრმად აშფოთებს ინფორმაცია ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი თავდასხმის თაობაზე და გმობს ძალადობის ნებისმიერ აქტს”. საელჩომ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.