ახალი ამბები

პრეზიდენტი კოდორში მომხდარ ”შეიარაღებულ პროვოკაციაზე” საუბრობს

შს მინისტრმა უშიშროების საბჭოს კოდორზე ინფორმაცია მიაწოდა








ჩხალთაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის
შენობა შეტევის შედეგად დაზიანდა.
ფოტო: აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში 11 მარტს მომხდარი დაბომბვა არის ”შორსმიმავალი მიზნების მქონე” პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში არეულობას და საქართველოს მშვიდობიანი განვითარების კურსიდან გადახვევას.


”ყველანაირი თავდასხმა ზემო აფხაზეთის მოსახლეობაზე, ეს არის თავდასხმა მთლიანად საქართველოზე და საქართველო, როგორც ერთი,  ჩვენს ხელთ არსებული საკმარისი რესურსებით და ჩვენ გვაქვს ამის საკმარისი საშუალებები და ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, დაიცავს ამ რეგიონის და ნებისმიერ სხვა მოსახლეობას, რომელსაც ვინმე ცდილობს, რომ შეუქმნას პრობლემები. ასეთი პროვოკაციები შეხვდება ქართული საზოგადოების მხრიდან კარგად ორგანიზებულ, ძალიან გაბედულ და გააზრებულ წინააღმდეგობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


უშიშროების საბჭოს კოდორში განხორციელებულ დაბომბვასთან დაკავშირებით , რომელსაც სპეციალისტებმა ”ორგანიზებული სამხედრო ოპერაციის” კვალიფიკაცია მისცეს, ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიაწოდა.


მისი თქმით, 11 მარტს 22:10 საათზე ზემო აფხაზეთში შემოფრინდა მინიმუმ 3 ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენი, რომელთაც მინიმუმ 1,5 საათის განმავლობაში მოახდინეს შემოფრენა და პოლიციური, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა სოფლების გენწვისის, გამბისხიდის, აჟარის, ჩხალთის, ქვაფჩარისა და ზენას მიმდებარე ტერიტორიებზე. 


მერაბიშვილის განცხადებით, გასროლილი ჭურვები არის ე.წ უმართავი რაკეტები, რომელთაც ისვრის როგორც წესი ვერტმფრენი და სავარაუდოდ იგი გასროლილია მი-24 ტიპის ვერტმფრენიდან. სულ 20-ზე მეტი ჭურვი იქნა გასროლილი, აქედან ერთი ჭურვი აფეთქდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შენობაში.


მინისტრის განცხადებით, კოდორში ბოლო 6 თვის განმავლობაში საჰაერო სივრცის დარღვევა 4-ჯერ განხორციელდა, ”თუმცა არასდროს არ მომხდარა ეს ღამე და არ გამოუყენებიათ ცეცხლსასროლი იარაღი”. 


მერაბიშვილის განცხადებით, თავდასხმის გამეორების შემთხვევაში საპასუხო ცეცხლის ბრძანება იქნება გაცემული.








აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.
”სიტუაცია არის ძალიან დასაფიქრებელი,  საგანგაშო, თუმცა არა მოულოდნელი. ჩვენ გვქონდა წინასწარი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, რომ შესაძლებელი იყო და კიდევ არის შესაძლებელი ზემო აფხაზეთის მიმართულებით მსგავსი შეიარაღებული პროვოკაციების განხორციელება. ეს არის ძალიან საშიში, სერიოზული, შორსმიმავალი მიზნების მქონე  პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ამ რეგიონში და მთლიანად საქართველოში, მთლიანად ჩვენს  [კავკასიის] რეგიონში წესრიგის არევისკენ და სიტუაციის უარესობისკენ შემობრუნებისკენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 


”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ყველაფრის ზუსტად გამოკვლევას ამ აქტის განმხორციელებლების მიზნებისთვის ნათელის მოფენას და შემდგომში მათ თავიდან აცილებას”, – დასძინა პრეზიდენტმა.


უშიშროების საბჭოზე მან დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს ძალიან პრინციპულად მოეთხოვა რუსი კოლეგისგან სერგეი ლავროვისგან განმარტებები. მოგვიანებით ორი ქვეყნის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა .



”ჩვენ გვაქვს მყარი კურსი საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების, სტაბილურობის შენარჩუნების, ჩვენი ეკონომიკური განვითარების შემდგომი გაგრძელების და საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს და არაფერში არ ჭირდება შეიარაღებული დაპირისპირება და ქაოსი, ამიტომ ჩვენ ამ გზიდან ვერავინ ვერ აგვაცდენს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ხაზი გაუსვა ასევე, რომ საქართველოს ვერაფერი ვერ აიძულებს ჩრდილოატლანტიკური კურსიდან გადახვევას. 


”ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ასეთი აქტებით და ქმედებებით ვინმე ჩვენ კარდინალურ პრინციპებზე ხელს აგვაღებინებს და უარს გვათქმევინებს. ეს არის ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანი დადასტურებული მრავალგზის სხვადასხვა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, კოდორის ხეობაზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ამ ნაწილში კონტროლის აღდგენის მიზნით გაატარა. 


თბილისმა უკვე მიმართა საქართველოში გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას ინცინდენტის დეტალურ გამოძიებისა და შესაბამისი დასკვნის უმოკლეს ვადებში წარმოდგენის თაობაზე.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაურმა მალხაზ აქიშბაიამ განაცხადა, რომ კოდორის ხეობის სოფლებს ცეცხლი ტყვარჩელის მხრიდანაც გაუხსნეს.

თუმცა სოხუმმა უარყო ეს ინფორმაცია. რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკიმ ასევე პროვოკაცია უწოდა ინფორმაციას, რომ რუსულმა ვერტმფრენებმა დაბომბეს ხეობა.

Back to top button