
თბილისი გაეროს უშიშროების საბჭოს აპრილის რეზოლუციაზე იმედებს ამყარებს
თბილისის სურვილია, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციაში, რომელსაც ის აფხაზეთის შესახებ 15 აპრილს მიიღებს, ასახოს ის დადებითი ტენდენციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით კოდორის ხეობაში შეინიშნება. ასევე ის რეალობა, რომ რუსეთი, როგორც მშვიდობისმყოფელი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ქმნის სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციის წინაპირობას.
თუ ამისთვის ჯერ არ არის მზად უშიშროების საბჭო, ჯობია იყოს ”ე.წ ურეზოლუციო გადასვლა,” ანუ საბჭომ მიიღოს ტექნიკური რეზოლუცია რითაც უბრალოდ გაუგრძელდება გაეროს დამკვირვებელთა მისიას კიდევ 6 თვით მანდატი და რომელშიც შეფასებები არ იქნება გაკეთებული, აცხადებს ”სივილ ჯორჯიასთან” საუბარში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი.
”არა მგონია რომ ამჯერად ტექნიკური რეზოლუცია იქნეს მიღებული, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე.
მისი თქმით, ქართული მხარე ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციებით აქვს აღებული.
”და ეს ყველაფერი უნდა აისახოს ახალ რეზოლუციაში. პირველ რიგში ის, რომ შესაბამისობაშია ქართული მხარის ყველა ქმედება [წინა რეზოლუციების მოთხოვნებთან], აისახოს ის საკითხები, რომელიც არის გალში – ენის საკითხი, ადამიანების მუდმივი ტერორის ქვეშ ყოფნა, გაიხსნას გაეროს და ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის ფილიალი, პირველი ნაბიჯები გადაიდგას საპოლიციო კომპონენტის განთავსების კუთხით”, – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ.
სამშვიდობოები
თბილისში იმედით უყურებენ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების შეცვლის პერსპექტივას, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება ამ თემას მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციაში არ აისახოს რუსი სამშვიდობოების პოზიტიური როლი, რაც ყოველთვის ხაზგასმული იყო ხოლმე ასეთ რეზოლუციებში, მათ შორის ოქტომბრის რეზოლუციაშიც.
თუმცა ეს რთულად მისაღწევი ამოცანაა იმის გამო, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს.
”სამშვიდობოებთან დაკავშირებით რაიმე ახალი, პოზიტიური არ იქნება, რადგან სხვა მოსაზრება იქ არ შეიძლება გაჩნდეს, რადგან რუსეთის დაუყოვნებლივ დაადებს ვეტოს”, – აცხადებს მერაბ ანთაძე, თუმცა ადასტურებს, რომ ამ მიმართულებებზე ქართული დიპლომატია აქტიურად მუშაობს.
თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის მოსაზრებით, რუსეთს ”შერყეული იმიჯის” გამო ვეტოს უფლების ხშირი გამოყენებაც არ აწყობს.
”რუსეთია პრობლემა და აქ უნდა საკმაოდ ფრთხილი მუშაობა, რომელიც შედეგს მოგვცემს, ანუ რუსეთის დათანხმება”, – აცხადებს გაბაშვილი.
გარდა ამისა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ რუსეთი არ არის ნეიტრალური ამ კონფლიქტის მოგვარებაში, როგორც შუამავალი.
საქართველოს ხელისუფლება რუსული სამშვიდობო ოპერაციების ჩანაცვლებას ცდილობს საერთაშორისო საპოლიციო ძალებით. ახალი ფორმატის გამოსაძებნად, რომელიც სავარაუდოდ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით განხორციელდება, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა მიმართულებით.
”სულ უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა დონეზე მზადყოფნა, რომ სამშვიდობო ფორმატის შეცვლა მოხდეს… და ამას დუღილის რაღაც ტემპერატურამდე უნდა მიყვანა იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს”, – აცხადებს კოტე გაბაშვილი.
”თუ მოხდა პროგრესი ამ მიმართულებით, მზადყოფნაა იმისა, რომ ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მოხდეს ჩანაცვლება, ამას ფაქტიურად წინ არაფერი არ დაუდგება, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა [რუსეთი], რომელიც ჯერ-ჯერობით გადაულახავია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, რომ მოხდეს რეალური ჩანაცვლება მყისიერად და უმტკივნეულოდ და არ შეიქმნას ვაკუუმი, რომელიც არაპროგნოზირებადია”, – განუცხადა მერაბ ანთაძემ ”სივილ ჯორჯიას”.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ გამოთქვა მზადყოფნა ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მოქმედ სამშვიდობო ოპერაციებში, თუ იქნება ”მკაფიო მიზნები”. სხვადასხვა დროს ასეთივე სურვილი გამოხატეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რუმინეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ.
”თუკი უკრაინა გადაწყვეტს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებას, მას ყველაზე დიდი შანსი ექნება იმიტომ, რომ არსებული ოპერაცია დსთ-ს ეგიდით მიმდინარეობს და დსთ არ არის მხოლოდ რუსეთი”, – აცხადებს კოტე გაბაშვილი.
”შესაძლებელია მოხდეს ისეც, რომ ჩვენ უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღოთ სხვა საერთაშორისო ოპერაციებში და ამით გარკვეული სურვილი გაუჩნდეთ სხვებს, რომ შესაბამისად უფრო აქტიურები გახდნენ”, – დასძინა მან.
საქართველო აპირებს გაგზავნოს სამხედროები ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში და ასევე გაზარდოს ჯარისკაცთა რაოდენობა ერაყში კოალიციური ჯარების ფარგლებში. ქართული ასეული ასევე განთავსებულია კოსოვოშიც.
საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის და მათი საერთაშორისო კომპონენტით ჩანაცვლების თაობაზე 2006 წლის ივლისში მიიღო, რითაც გამოხატა სრული უნდობლობა რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის მიმართ.
კოდორის ხეობა
საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ რეზოლუციაში, ოქტომბერში მიღებული წინამორბედი რეზოლუციისაგან განსხვავებით, კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენები დადებითად შეფასდება.
”2003 წლამდე მიღებულ ყველა რეზოლუციაში მოთხოვნა იყო მხარეებისადმი, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაემყარებინათ წესრიგი, რაზეც ძირითადი აქცენტი იყო კოდორის ხეობაზე. წესრიგის დამყარება კი ხდება ლეგალურ ფარგლებში სამართალდამცავების მიერ, რაც მოხდა კიდეც. ამიტომ ჩვენ გვქონდა გარკვეული უკმაყოფილება გაეროს უშიშროების საბჭოს [ოქტომბრის] რეზოლუციაში ჩამოყალიბებული თეზისის მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ფაქტიურად გავანეიტრალეთ ეს პრეტენზიები და ველოდებით, რომ [ახალ რეზოლუციაში] იქნება დაფიქსირებული პროგრესი”, – აცხადებს მერაბ ანთაძე.
გასული წლის ივლისის ბოლოს თბილისმა ზემო კოდორის ხეობაში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციით ემზარ კვიციანის შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგობა გაანეიტრალა და ხეობაზე ცენტრალური ხელისუფლების სრული კონტროლი დაამყარა.
სოხუმმა და მოსკოვმა ეს ქმედებები ერთხმად დაგმეს და განაცხადეს, რომ ამით ქართულმა მხარემ დაარღვია 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება, რომელიც კრძალავს სამხედრო შენაერთების განთავსებას ხეობაში. თუმცა თბილისი აცხადებდა, რომ კოდორის ხეობაში ოპერაცია მხოლოდ პოლიციურმა ძალებმა ჩაატარეს.
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის აქტიური მოთხოვნის შედეგად ოქტომბრის რეზოლუციაში ჩაწერა რომ აფხაზეთში ბოლო დროინდელი დაძაბულობა კოდორის ოპერაციამ გამოიწვია.
ოქტომბერსა და დეკემბერში კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა მისიისა და რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით ორი მონიტორინგი ჩატარდა, რისი განხორციელებაც შეუძლებელი იყო კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარებამდე.
უკანასკნელი მონიტორინგის შედეგებმა ხეობაში მხოლოდ 250-მდე პოლიციელის არსებობა დააფიქსირა, რის საფუძველზეც შუალედურ შეფასებებში გაეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა, კოდორის ხეობაში პროგრესი აღნიშნეს.
”იყო მონიტორინგები, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ სწორი და არაფერი სახიფათო კოდორში არ ხდება ანუ სამხედრო ინტერვენციის სურვილი საქართველოს არ აქვს და იქ არავითარი სამხედრო კონცენტრაცია არ არის”, – აცხადებს კოტე გაბაშვილი.
მისი თქმით, დღეს კოდორის ხეობაში შეიარაღებული კრიმინალური ხელისუფლების მაგივრად, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება განლაგდა და ”იქ ადამიანებმა დაიწყეს ნორმალურად ცხოვრება. ამის დადასტურება ყველას აქვს და ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია ოქტომბრის რეზოლუციიდან დღემდე”.