ახალი ამბები

მოსკოვი აფხაზეთის არჩევნებს ”დემოკრატიული ტენდენციის” გაგრძელებად განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს იმ ”დემოკრატიული ტენდენციის” გაგრძელებად განიხილავს, რომელიც 11 თებერვლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლინდა თვითგამოცხადებულ რეგიონში.


”რუსეთის საზოგადოება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პატივისცემით ეკიდებიან აფხაზეთში გამართულ კენჭისყრას, რადგან არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარება არის ხალხის ნების უმაღლესი გამოხატულება დამოუკიდებლად იმისა, თუ რა სტატუსი აქვს ტერიტორიას, რომელზეც ისინი ცხოვრობენ”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 6 მარტს გავრცელებულ კომენტარში.


”რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე მხარდასაჭერია თუ არა აფხაზეთში გამართული არჩევნები, რაზეც ყურადღება გადააქვთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, არსებულ პირობებში ეს ადგილობრივი მოქალაქეების საქმე და პასუხისმგებლობაა”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.


ოფიციალური მოსკოვი მის ხელთ არსებულ ”არასრულ”, მათ შორის ”საერთაშორისო დამკვირვებლების” ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნების ”პირველმა ტურმა” მშვიდ ვითარებაში, ორგანიზებულად და მოსახლეობის აქტიურობის ფონზე ჩაიარა, ”ექსცესები არ ყოფილა არც გალის რაიონში”.


”გვინდა იმის აღნიშვნაც, რომ აფხაზეთში ხალხის ნების გამოხატვამ არ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას საერთაშორისო მცდელობას სამართლიანობის მიღწევისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გრძელვადიან მოწესრიგებას”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


აფხაზეთში ჩატარებული როგორც ე.წ საპარლამენტო, ისე ადგილობრივი არჩევნები ოფიციალურად დაგმო ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მ და მას უკანონო უწოდა, რადგან სულ ცოტა 200 000 დევნილმა ვერ მიიღო მასში მონაწილეობა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არჩევნების –  ”მორიგი უკანონო აქციის” აფხაზეთში – ”ლეგიტიმურობაზე რაიმე სახის მინიშნება ამორალური და ცინიკურია”.



 

Back to top button