
გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას ნეშტი ნაპოვნია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი, რომლის ძებნაშიც რუსეთის ფედერაცის შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს მონაწილეობა, გროზნოში იპოვეს, იტყობინება ქართული და რუსული მედია.
ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქვრივმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მეუღლის საფლავი დაარბიეს და უცნობი იყო რა ბედი ეწია გარდაცვლილის ცხედარს. მან ეს განცხადება ”სარწმუნო წყაროზე” დაყრდნობით გაავრცელა.
ამის შემდეგ ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ჩეჩნეთში გაემგზავრა, სადაც სამძებრო სამუშაოებს უშუალოდ მეთვალყურეობდა. საფლავის მიგნების შედეგად მან ამოიცნო ზვიად გამსახურდიას ნივთები.
თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 5 მარტს აცხადებს, რომ ცხედრის საბოლოო იდენთიფიცირებისთვის ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს დონის როსტოვის სამედიცინო-კრიმინალისტურ ლაბორატორიაში.
გამსახურდიას უფროსი ვაჟი, ოპოზიციური პარტია ”თავისუფლება”-ს ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია კი მოითხოვს ექსპერტიზაში აშშ-ს ფედერალური სამსახურის ”ნეიტრალური” წარმომადგენლებიც ჩაერთონ.
მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, მას საქართველოში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ თბილისმა წელიწადზე მეტია რაც რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად მიმართა და შესამამისი სამთავრობო კომისიაც მუშაობს პრემიერ-მინიტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით.
5 მარტს გავრცელებულ ცნობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული მხარე გადმოსვენების პროცესს ყველა საჭირო დახმარებას გასწევს.
სავარაუდოდ, ექსპერტიზა ცხედარს საქართველოში გადმოსვენების შემდეგაც ჩაუტარდება, რაც გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენაშიც დაეხმარება.
დღემდე უცნობია 1993 წლის დეკემბერში, სამეგრელოს სოფელ ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.