ახალი ამბები

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტში ადგილების ნახევარი კვლავ ვაკანტურია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის 35-მანდატიან პარლამენტში დარჩენილი 17 ადგილის შესავსებად არჩევნების მეორე ტური 18 მარტს გაიმართება.


არჩევნების მეორე ტური იმ 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, სადაც, აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თანახმად, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საკმარისი ხმების რაოდენობის მოპოვება, მათ შორის გალის რაიონის ორ მაჟორიტარულ ოლქშიც – შაშიკვარის და გალის ოლქებში. ცსკ-ს თანახმად, გალის რაიონის ჭუბურხინჯის ოლქში იური კერესელიძე აირჩიეს. 


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ცსკ-მ დაადასტურა, რომ 4 მარტს 18 კანდიდატი იქნა არჩეული – ექვსი მათგანი მოქმედი დეპუტატია, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა.


გავრცელებული ინფორმაციით, 18 ახლადარჩეული დეპუტატიდან ხუთი ოპოზიციონერია იმ პარტიებიდან, რომლებიც აფხაზ ხალხთა ერთობის ფორუმშია გაერთიანებული.


დანარჩენი ახლადარჩეული დეპუტატები პოლიტიკური პარტიების ”ერთიანი აფხაზეთის”, ”აიტაირას” და ”ამცახარას” წევრები არიან. ეს პარტიები აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერები არიან.    


აფხაზეთის პარლამენტის 35 მანდატისთვის 108 კანდიდატი იბრძოდა. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 129 650-ს შეადგენს.


არჩევნები 35 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთაგანაც სამი გალის რაიონში მდებარეობს.


ცსკ-ს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს წესრიგის დაცვისთვის, რადგანაც არჩევნების დღეს არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 5 მარტს. 


ცსკ-მ ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები შედგა ყველა მაჟორიტარულ ოლქში, რადგანაც ამომრჩეველთა აქტივობამ 45%-ს გადააჭარბა, რაც აღემატება საჭირო 25%-ს.


თუმცა, ქართული წყაროების ცნობით, გალის რაიონში არჩევნები ჩაიშალა, რადგანაც ადგილობრივმა ქართველებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.


4 და 5 მარტს ქართულმა ტელევიზიებმა უჩვენეს ჩანაწერი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ”ფარულად იყო გადაღებული” გალის რაიონში. ჩანაწერში ნაჩვენები იყო საარჩევნო უბნები, რომლებიც დახურეს, რადგანაც იქ ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა. 


თბილისი აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს უკანონოს უწოდებს. ამ პოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი იზიარებს. 


ე.წ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფი აკვირდებოდა. 

სავარაუდოდ, მოსკოვის შეფასება ანალოგიური იქნება იმისა, რაც აფხაზეთში 11 თებერვალს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს მოყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ 11 თებერვლის არჩევნები ”საერთაშორისო საარჩევნო და დემოკრატიული ნორმების შესაბამისად” ჩატარდა.


”აფხაზეთის მოსახლეობის 2/3 ნაწილი იქნა გამოძევებული. არანაირი საერთო იმ პროცესს, რომელიც გუშინ ჩატარდა აფხაზეთის ტერიტორიაზე,  არ ჰქონია რეალურ არჩევნებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოყვება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 5 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურან ნოღაიდელმა 4 მარტს განაცხადა, რომ არჩევნები აფხაზეთში არა მარტო უკანონო, არამედ ”ამორალურიც” იყო.


4 მარტის არჩევნების წინ გალის რაიონში დაძაბულობა შეინიშნებოდა. ქართული მხარე სოხუმს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებასა და მათზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. თუმცა, სოხუმი უარყოფდა ამ ბრალდებებს და აცხადებდა, რომ თბილისი დაძაბულობას ამწვავებდა გალის რაიონში და ცდილობდა დაეყოლიებინა ადგილობრივი ეთნიკური ქართველები უარი ეთქვათ აფხაზურ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, რაც საბოლოო ჯამში აფხაზეთის ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

Back to top button