ახალი ამბები

სანაკოევი თბილისთან მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამს

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა 2 მარტს განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას სურს ”კონსტრუქციული და პირდაპირი” მოლაპარაკებები დაიწყოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის საბოლოო მოგვარების მიზნით.


”ეს მოლაპარაკებები უნდა დაეფუძნოს ჩვენი ისტორიული სახელმწიფოებრიობის ფორმებს და არა მითიურ გაერთიანებას რუსეთთან, რის დაპირებასაც [სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ] კოკოითის რეჟიმი იძლევა ბოლო ხუთი წლის მანძილზე”, – განაცხადა სანაკოევმა სოფელ ქურთას რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.


”დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ შევძლებთ ქართველებთან, რუსებთან და ევროპელებთან ცხოვრებას სხვადასხვა ერებისგან შემდგარ ერთიან ოჯახში, სადაც ადამიანის უფლებები და კულტურული მემკვიდრეობა დაცული იქნება და სადაც მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტიები იქნება”, – დასძინა მან.


სანაკოევმა ასევე განაცხადა, რომ ის აპირებს ჩამოაყალიბოს მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის”, რომლის მიზანიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება.


”ჩვენ მხოლოდ მაშინ დავაღწევთ თავს არსებულ ჩიხს, როცა გაივლება გამყოფი ხაზი არა ქართველებსა და ოსებს შორის, არამედ მშვიდობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეებს შორის”, – განაცხადა სანაკოევმა.


ოფიციალურმა თბილისმა მიანიშნა, რომ რეგიონში სტატუს ქვო მას შემდეგ შეიცვალა, რაც სამხრეთ ოსეთში გასულ წლის ნოემბერში ე.წ. ”ალტერნატიული მთავრობა” ჩამოყალიბდა.


თბილისი უარყოფს კავშირს სანაკოევის მთავრობასთან, თუმცა, ამავე დროს აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს კონფლიქტის ზონაში შექმნილი ”ახალი რეალობა”.


თბილისი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის გამართვას ითხოვს და თავს იკავებს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომებში მონაწილეობისგან.


ქართული მხარე შსკ-ს არაფორმალურ სხდომებში მონაწილეობაზე თანახმაა. ცხინვალი მზად იყო ამგვარ სხდომებში მონაწილეობაზე, თუმცა ამის წინაპირობად შსკ-ს შემდეგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა დააყენა.


ბოლო დროს, ქართულმა მხარემ შეარბილა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ მზად არის არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილოს პლენარულ სხდომასთან დაკავშირებული საკითხები. თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, შსკ-ს არაფორმალური სხდომა 20-23 მარტს სტამბოლში გაიმართება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button