
სააკაშვილი: არავის აქვს ვეტოს უფლება საქართველო-ნატოს ურთიერთობების განვითარებაზე
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, არცერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ტექნიკურად საქართველო ნატოში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად იქნება ”მთლიანად” მზად.
”ის რომ ჩვენ ვართ მზად, ამის დანახვა შეიძლება გარკვეული პოლიტიკური აქტიურობით საქართველოს გარშემო და მის შიგნითაც. ეს არის უტყუარი ნიშანი ამისა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ”ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან კონკრეტულ ვადებზე, ძალიან კონკრეტულ პერსპექტივებზე და მე არ ვაპირებ ამ თარიღების დაკონკრეტებას იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის ორმხრივი პროცესი, ამას დააკონკრეტებს, როცა ამის დრო მოვა, თავად ალიანსი”
მან ასევე განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს მისწრაფებას ”სპეციფიური კავშირი” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან არ აქვს, როგორც ამას ცალკეული ოპოზიციური ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, ხელისუფლების შეფასებით, ”კრემლის მიერ მართულ ანტინატოს კამპანიის” ფარგლებში.
”ნატოს შიდა კონფლიქტებთან სპეციფიური კავშირი არ აქვს და არც უნდა იყოს. ნატო არის კავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან, შემდგომ დემოკრატიზაციასთან და სიძლიერესთან… ამას ხვდება ყველა ჩვენი მეგობარი და პატრიოტი და ამას ხვდებიან ასევე არცთუ ისე კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი ელემენტები საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთაც”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 26-27 თებერვალს ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ნატოს გენერალურ მდივანთან გამართა მოლაპარაკებები. მანამდე საქართველოს ნატოს შემფასებელი მისია სტუმრობდა.
”ჩვენ ვიყავით ახლა ბრიუსელში, მაგრამ მანამდე ნატოს შემფასებელი მისია იყო თბილისში და ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია იმ დასკვნებზე, რომელიც მან შეიძლება გააკეთოს საქართველოში სამხედრო რეფორმებთან მიმართებაში და ეს წინასწარი ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო ბევრად უფრო დადებითი მისია, ვიდრე რომელიმე წინა მისია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამჟამად საქართველო ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ფაზაზეა და წევრობის სამოქმედო გეგმისაკენ მიისწრაფის.