
თბილისი შსკ-ს ფარგლებში კონსტრუქციული დიალოგის სურვილს გამოთქვამს
თბილისი მზადაა შერეული საკონტროლო კომისიის არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც 7-9 მარტს სტამბოლში იგეგმება, განიხილოს ”საჭირბოროტო საკითხები, მათ შორის შსკ-ს მორიგი პლენარული სხდომის გამართვის პერსპექტივები”, აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 1 მარტს.
აქამდე ქართული მხარე თავს იკავებდა შსკ-ს პლენარულ სხდომების დაგეგმვაში მონაწილეობისაგან, თუმცა ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამდა არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობაზე.
არაფორმალური შეხვედრა, რომელიც სტამბოლში 28 თებერვალს-2 მარტს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა, რაშიც 28 თებერვალს სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ქართულ მხარეს დასდო ბრალი.
”აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ქართულმა მხარემ წერილობითი ფორმით დროულად დაადასტურა მზადყოფნა როგორც 28 თებერვალს – 2 მარტს, აგრეთვე 7-9 მარტს სტამბოლში დაგეგმილ თანათავმჯდომარეების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
28 თებერვალს ედუარდ კოკოითი გამოვიდა ინიციატივით ცხინვალში გაიმართოს შსკ-ს მორიგი პლენარული სხდომა.
ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა, თუმცა ამ ინფორმაციაში მოგვიანებით გაჩნდა ჩანაწერი: ”ოსური მხარე არსებულ ფორმატში პლენარული სხდომის ჩატარებისთვის მხადაა თბილისშიც კი ჩავიდეს”.
თბილისში შსკ-ს სხდომის შესაძლო ჩატარების წინადადებას ქართული მხარე მიესალმება.