skip to content
ახალი ამბები

აფხაზი ოპოზიციონერები ბაღაფშს არჩევნების წინ აკრიტიკებენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა ოპოზიციურმა ჯგუფმა გააკრიტიკა დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში საარჩევნო კამპანიაში ჩარევის და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო, იტყობინება ”აფსნიპრესი” 26 თებერვალს.


19 ოპოზიციონერი კანდიდატი, რომლებიც აფხაზეთში 4 მარტს დაგეგმილ ე.წ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, ამტკიცებს, რომ სერგეი ბაღაფში 23 თებერვალს გამართულ ტელე-პრესკონფერენციაზე ოპოზიციის ცალკეულ კანდიდატთა კრიტიკით უხეშად ჩაერია წინასაარჩევნო კამპანიაში.


23 თებერვალს ბაღაფშმა ოპოზიციის სოხუმის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ვლადიმერ არშბა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. არშბა აფხაზური ჯარების გენშტაბის უფროსი იყო.


ბაღაფშის ეს განცხადება ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ამომრჩეველთა აზრზე ზემოქმედების ნათელი მაგალითი იყო, აცხადებს ოპოზიციონერ კანდიდატთა ჯგუფი.


აფხაზეთის ე.წ პარლამენტში 35 მანდატისათვის ამდენივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 117 კანდიდატი იბრძოლებს 4 მარტის არჩევნებზე.


ქართული საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩევა სერგეი ბაღაფშისა და ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მომხრეებს შორის დაპირისპირებით. ბაღაფში და ხაჯიმბა ერთმანეთს 2004 წლის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე მწვავედ უპირისპირდებოდნენ, თუმცა მათ შორის ურთიერთობები 2004 წლის დეკემბერში ძალთა გადანაწილების შესახებ შეთანხმებამ დაარეგულირა ორთვიანი კონფრონტაციის შემდეგ. მას შემდეგ თავიანთ საჯარო განცხადებებში ბაღაფში და ხაჯიმბა ერთმანეთში უთანხმოებას მუდმივად უარყოფენ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button