ახალი ამბები

ცხინვალი გმობს ევროპის საბჭოს კომისრის შეხვედრას დიმიტრი სანაკოევთან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაგმო ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის თომას ჰამარბერგის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ”ალტერნატიულ პრეზიდენტთან” დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრის თაობაზე და განაცხადა, რომ კონტაქტები ”ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა” და ”თბილისის მარიონეტულ მთავრობას” შორის მხოლოდ ვნებს სამშვიდობო პროცესს.


18 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს კომისრის ქმედება არის ”პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების მცდელობების მხარდაჭერას, რომ სამხრეთ ოსეთის უკანონო პროქართულ ”ალტერნარიულ მთავრობას” ოფიციალური სტატუსი მიანიჭოს”. 


ცხინვალმა ასევე განაცხადა, რომ ის უარს იტყვის ”ითანამშრომლოს საერთაშორისო, სახელმწიფო ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, რომლებიც ”ბრმად დაჰყვებიან” თბილისის მცდელობებს მისი ”მარიონეტული ხელისუფლების” როლის გაზრდის თაობაზე.


ცხინვალში სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, თომას ჰამარბერგი 17 თებერვალს სოფელ ქურთაში დიმიტრი სანაკოევს შეხვდა.


ერთი დღით ადრე, 16 თებერვალს, ევროპის საბჭოს კომისარმა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერთან ბორის ჩოჩიევთან გამართა შეხვედრა.


თომას ჰამარბერგი საქართველოს 12-18 თებერვალს ეწვია, რათა ქვეყანაში, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში და აჭარაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება შეეფასებინა.  


სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ევროპის საბჭოს კომისარი 14 თებერვალს ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს მალხაზ აქიშბაიას შეხვდა.


ამ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მიესალმა და მას ”ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი” უწოდა.


ევროპის კომისარმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პრინციპია კონტაქტი იქონიოს ყველასთან, ვისაც ადამიანის უფლებები აინტერესებს.


”ჩვენ არ გვეხება აღიარება ან არ აღიარება; ჩვენ გვჭირდება ისინი, ვისაც კავშირი აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვასთან. ძალიან ლოგიკური იყო, რომ შევხვდით იმ წარმომადგენლებს [ლეგიტიმური მთავრობის]”, – განაცხადა ჰამარბერგმა.


განსხვავებით ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისგან, ევროკავშირის დიპლომატები მეტ სიფრთხილეს იჩენენ თბილისის მცდელობების მიმართ გაზარდოს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის როლი.  


ევროკავშირის შემსწავლელმა მისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა  ევროკომისიის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და აზიის დირექტორატის დირექტორი ჰიუ მინგარელი და რომელიც საქართველოს და მის თვითგამოცხადებულ რეგიონებს იანვარში ესტუმრა, თავი შეიკავა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button