
სხეფერის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედს უმყარებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის მიერ 10 თებერვალს გაკეთებული განცხადება, რომ ალიანსმა 2009 წლისათვის ”უნდა დააფასოს უკრაინისა და საქართველოს ამბიციები”, შეაფასა, როგორც საქართველოს ნატოში შესვლის თარიღის გამოცხადება.
”ეს მიმაჩნია, კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შეუქცევადობის”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ვიზიტის დროს.
”როცა გვეკითხებოდნენ, რომელ წელს შევა საქართველო ნატოში, თარიღს არ ვასახელებდით იმიტომ, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ ახლა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა პირველად დაასახელა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღი. ამას აქამდე ყველანი ერიდებოდნენ ნატოში ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას და მას ”ისტორიული” უწოდა.
”ის მიზანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ვმუშაობდით ამდენი ხნის მანძილზე, ახლა სრულდება”, – განაცადა მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 12 თებერვალს.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში ეჭვის შეტანა შესაძლოა გახდეს ”რუსეთის ჯაშუშის” ან სულ ცოტა ”პრო-რუსული” იარლიყის მიღების მიზეზი, იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 83%-მდე მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას.
თუმცა დებატები ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის თაობაზე მაინც წარმოიშვა გასულ კვირას, როდესაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის პარტიის მუშაობა ამ მიმართულებით წარუმატებელი გამოდგა საქართველოში, რუსეთმა თავისი დაფინანსება სხვა პოლიტიკური ძალებისკენ გადაამისამართა. მან ასეთ ძალად ახლადშექმნილი პარტია ”ეროვნული ფორუმი” დაასახელა. ამ პარტიამ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
”ჩვენ სრულიად ლეგიტიმური კითხვა გვაქვს: თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების გარეშე, რისი მანიშნებელი იქნება ეს? იგულისხმება თუ არა ამაში, რომ ჩვენს მიწაზე ერთდროულად იდგებიან როგორც რუსი სამხედროები, ისე ნატოს ძალები, რაც ქვეყნის რამდენიმე ნაწილად დაყოფის ტოლფასი იქნება ცალკე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი [სადაც რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული] და დანარჩენი საქართველო?”, – განაცხადა ”ეროვნული ფორუმის” წევრმა ირაკლი მელაშვილმა.
თავიანთ საჯარო განცხადებებში, რომლებიც ქართულმა ტელეკომპანიებმა ცოტა ხნის წინ გააშუქეს, ”ეროვნული ფორუმის” აქტივისტებმა, მათ შორის დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ, განაცხადეს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა თითქოს განაცხადა, რომ ალიანსი არ არის დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობით.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, რომელმაც ნატოს შესახებ რამდენიმე საზოგადოებრივი კამპანია ჩაატარა, საჭიროდ მიიჩნია განცხადების გამოქვეყნება, რომელშიც ნათქვამია, რომ შენიშვნები ნატოს გენერალური მდივნის მიმართ ”საფუძველს მოკლებულია”.
”პარტიის ან ცალკეული პირის უფლებაა ნატოს შესახებ პოზიცია გაახმოვანოს, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია ფაქტების დამახინჯება განზრახ ან უნებლიედ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თორნიკე შარაშენიძის თქმით, ”გარკვეული პოლიტიკური ძალები” ცდილობენ ნატოსკენ საქართველოს ამბიციების დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში.
”უკრაინაში არ არსებობს საზოგადოების კონსენსუსი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. გასულ კვირას ჩვენ მოწმე გავხდით გარკვეული პოლიტიკური ძალების მცდელობებისა გაეხლიჩათ საქართველოს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით. იყო საუბრები, რომ კარგია ნეიტრალიტეტი და არა ნატო. მაგრამ ამგვარი ტენდენცია აქ [საქართველოში] წარუმატებელი იქნება”, – განუცხადა შარაშენიძემ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს 12 თებერვალს.
ცოტა ხნის წინ რუსულ პრესაშიც გაჩნდა მოსაზრება იმაზე, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებამდე გახდება, ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის ტოლფასი იქნება. რუსულმა ინტერნეტ გამოცემა ”რეგნუმმა” 12 თებერვალს გამოაქვეყნა კომენტარი ამ საკითხზე.
”თუ საქართველო ნატოს წევრი კონფლიქტების მოგვარების გარეშე გახდება, თბილისს მოუწევს სამუდამოდ დაივიწყოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მიამიტობაა იმის ფიქრი, რომ რუსეთი თავის ძალებს გამოიყვანს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მას შემდეგ, რაც საქართველოში ნატოს ბაზები განთავსდება”, – ნათქვამია კომენტარში.
ბოლო დროინდელი დებატები დაემთხვა საქართველოში რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს მიერ 6 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს სურს, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა იყოს.
Lithuanian Baltic Surveys-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საზოგადოებრივი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელი კონფრონტაციის ფონზე 2006 წლის აპრილში დაფიქსირებული 74%-დან 2006 წლის დეკემბერში 83%-მდე გაიზარდა .
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეკვეთით ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ 1 400 რესპოდენტთა მხოლოდ 12%-მა განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ არიან.
თუმცა, 79%-ი ასევე მიიჩნევს, რომ ქართულ მიწაზე რომელიმე უცხოური ქვეყნის სამხედრო ბაზები არ უნდა განლაგდნენ.