ახალი ამბები

პრეზიდენტი ახალი აეროპორტის მუშაობას გაეცნო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში სტუმრობისას განაცხადა, რომ მგზავრთა მომსახურების ხარისხი ევროპულ სტანდარტებს უნდა გაუთანაბრდეს.


”ეს არის ევროპა… საქართველოში მგზავრები დაბრკოლების გარეშე უნდა გადიოდნენ… ჩვენ ავაშენეთ მართლაც საუკეთესო სტანდარტების აეროპორტი, ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ამ აეროპორტმა იმუშაოს ისე, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ პრობლემა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე გააფრთხილა სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები, რომ მგზავრებს შესაბამისი პროცედურების გავლის დროს პრობლემები არ შეექმნათ.


მისი თქმით, აეროპორტთან ახლოს 6 თვეში აშენდება რკინიგზის სადგური და თბილისში ჩამოსულ მგზავრებს ელექტრო მატარებლით სარგებლობის საშუალება ექნებათ.


პრეზიდენტის განცხადებით, ახალ აეროპორტში მისი ბრძანებით, გაუქმდება პრივილეგირებული ე.წ VIP გასასვლელები, რომლითაც აქამდე სამთავრობო წრეები სარგებლობდნენ.


”ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით ისარგებლებს”, – დასძინა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გუშინ აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

Back to top button