skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მომხდარი ინციდენტის დროს მოქალაქეები დაიჭრნენ

გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 3 თებერვალს მომხდარი სროლის შედეგად ერთი ქართველი და ერთი ოსი მოქალაქე დაიჭრა, იტყობინებიან ქართული და ოსური საინფორმაციო საშუალებები.


მხარეებმა უკვე დაადანაშაულეს ერთმანეთი ინციდენტში, რომელიც თბილისის დროით დაახლოებით 10:30 საათზე მოხდა.


ქართული მხარის ცნობით, ქართულ სოფელ ნიქოზის მაცხოვრებელი ავთანდილ ლონგურაშვილი მას შემდეგ დაიჭრა, რაც სოფელს ცხინვალის მხრიდან ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. 


სამხრეთ ოსეთის მხარის ინფორმაციით კი, ცხინვალის მკვიდრი თამაზ მარგიევი მას შემდეგ დაშავდა, რაც ქალაქს მეზობელი ქართული სოფლების ნიქოზის, ავნევის, ერედვის და ერგნეთის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის განცხადებით, ეს იყო ქართული ძალების მცდელობა ხელში ჩაეგდოთ ცხინვალი.


”მე გავეცი ბრძანება არ გაეხსნათ ცეცხლი სოფლების მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ ის ადგილი ამოვიღეთ სამიზნეში, საიდანაც ცეცხლი გაიხსნა”, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის სიტყვებზე დაყრდნობით.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურმა 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ერთი თავდამსხმელი დაიჭრა” ქართული მხარის საპასუხო ცეცხლის დროს.


”ქართული მხარე ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპის და მოვუწოდებთ ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობას განვიხილოთ ყველა პრობლემური საკითხი ორმხრივი, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე ინციდენტია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში.


28 იანვარს მომხდარი შეტაკებისას სამი ოსი მილიციელი დაიჭრა. 1 თებერვალს კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლისას კიდევ ერთი მილიციელი დაიჭრა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button