ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ურანის საქმეზე კომენტარს აკეთებს

ოპოზიციური პარტია “საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ურანის კონტრაბანდის საქმეზე ხელისუფლება ვალდებულია ახსნას, რატომ გახმაურდა ეს ფაქტი ერთი წლის დაგვიანებით და შესთავაზა თუ არა რუსეთს თანამშრომლობა და რა ფორმით.


ამერიკული პრესისთვის 24 იანვარს მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც მიმდინარე კვირას აშშ–ს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ერთი წლის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის ფაქტი აღკვეთეს რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის გავლით.


“შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილს, რომელსაც ალბათ რთული საუბრები ექნებოდა ამერიკაში სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სჭირდებოდა თავი გამოეჩინა როგორც ძალიან ეფექტურ შინაგან საქმეთა მინისტრს იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე უფრო ცხადია აინტერესებს ამერიკას – ტერორიზმთან დაკავშირებით“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისში დაბრუნების შემდეგ მაინც უნდა გაემართა პრესკონფერენცია.


“ყველა ამ კითხვაზე “საქართველოს გზა“ მოითხოვს ხელისუფლებისგან პასუხს და კიდევ ერთხელ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის თუ ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე არ ვღებულობთ პასუხებს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არავითარი დიალოგისთვის არ არის მზად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მსგავსი/Related

Back to top button