ახალი ამბები

ისრაელის ბანკი TBC ბანკის აქციებს ყიდულობს

ისრაელის მეორე უმსხვილესი ბანკი Leumi ქართული TBC ბანკის აქციების 20%-ის შესყიდვას გეგმავს, იტყობინება TBC ბანკი 26 იანვარს.


უკვე მოეწერა ხელი წინასწარ შეთანხმებას ისრაელის ბანკის მიერ TBC ბანკის კაპიტალის ზრდის დაფინანსების შესახებ, ახლად გამოშვებული აქციების შესყიდვის მეშვეობით. გარიგების თანხა ჯერჯერობით არ გახმაურებულა.


“გარიგების საბოლოო დასრულების შემდეგ, Leumi-ის წილი კომპანიის წილობრივ კაპიტალში 20% იქნება. ქართველი აქციონერები ბანკის საკონტროლო პაკეტს შეინარჩუნებენ“, – ნათქვამია TBC ბანკის განცხადებაში.


ისრაელის ბანკს Leumi-ის, რომლის აქტივებიც 63.62 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 21 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა.


1992 წელს შექმნილი TBC ბანკი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკია, რომლის წმინდა მოგებამ 2006 წელს 25,4 მილიონი ლარი შეადგინა.


“ისრაელი ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი არჩევანი ბანკ Leumi-სთან პარტნიორობის დამყარების თაობაზე”, – განუცხადა TBC ბანკის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ბიზნესკურიერს” 26 იანვარს.   


მისი თქმით, TBC ბანკი დამატებით ინვესტიციებს გამოიყენებს თავისი საქმიანობის სამხრეთ კავკასიის რეგიონში გავრცელების მიზნით.


ხაზარაძის თქმით, TBC ბანკი ამჟამად განიხილავს საკითხს აზერბაიჯანში ერთ-ერთი ბანკის აქციების შესყიდვის თაობაზე.


მან ასევე აღნიშნა, რომ განიხილება სომხეთში ინვესტიციის განხორციელების საკითხიც, თუმცა იქვე დასძინა, რომ “სომხური ბაზარი ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე აზერბაიჯანული”.


ხაზარაძის განცხადებით, ბანკ Leumi-ს მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე შესვლა და ქართულ ბანკში ინვესტიციის განხორციელება სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია.


“TBC ბანკი ხდება პლაცდარმი საკმაოდ დიდი ინვესტიციების განთავსებისა რეგიონში…  ასევე მიდის მუშაობა უკრაინის მიმართულებით”, – განაცხადა ხაზარაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button